საქართველოში 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს მემორანდუმის საფუძველზე დაწესდა, რომელიც განათლების სამინისტროსა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა.
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2022 წლის კონკურსზე ნომინირების და აპლიკაციის წარდგენის პერიოდი დაიწყო. ამის შესახებ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, მასწავლებლების ნომინირება 4 აპრილიდან 13 მაისის, ხოლო აპლიკაციების მიღება 4 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

„ძლიერ საზოგადოებას განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული ადამიანები ქმნიან, ხოლო განათლების ერთ-ერთი მთავარი ღერძი სკოლა და მასწავლებელია. გვინდა ეს გზავნილი კიდევ უფრო გავაძლიეროთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი კამპანიის ფარგლებში“, – განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საპრიზო ფონდი გაიზარდა. 2022 წლის გამარჯვებული გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან, 10 ათასი ლარის ნაცვლად, 15 ათას ლარს მიიღებს, ხოლო „ლიბერთი ბანკი" თითოეულ ფინალისტს 5 ათასი ლარით დააჯილდოვებს.
კონკურსანტებს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური შეარჩევს. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპზე გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე (5 სექტემბერს) ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
2021 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე გახდა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. საუკეთესო პედაგოგის შერჩევა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ – ეს არის გლობალური კამპანია „მასწავლებლის მსოფლიო პრემიის“ (The Global Teacher Prize) ნაწილი, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულ მასწავლებელს 1 მილიონი დოლარის ოდენობით ფულად პრემიას გადასცემენ.
წყარო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდო