თბილისში აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსი ჩატარდება

გამარჯვებულებს კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები გადაეცემათ
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. 11 აპრილს კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ჩატარდება ესეების კონკურსი თემაზე „სიტყვიდან ტექსტამდე“.
კონკურსი გაიმართება ქართული ფილოლოგიით, ისტორიით და პედაგოგიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის.
აბიტურიენტებმა ქართული ანბანის მიხედვით შერჩეული სიტყვები ან შესიტყვებები შემთხვევითობის პრინციპით უნდა აირჩიონ და შემოქმედებითი ესე დაწერონ. დავალების შესასრულებლად მონაწილეებს 120 წუთი ეძლევათ.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ აბიტურიენტებს კავკასიის უნივერსიტეტისგან 1000, 700 და 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გადაეცემათ.
კონკურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 აპრილი.
წყარო - კავკასიის უნივერსიტეტი