თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და იარაღის მაგვარი საგნით შეიარაღებული 30 წლის მამაკაცები აფრიკის დასახლებაში მდებარე ექსპრეს-ფილიალს თავს დაესხნენ და იარაღის გამოყენებით მოლარე-ოპერატორს ბანკის კუთვნილი 9107 ლარი, 420 აშშ დოლარი და 2800 ევრო გასტაცეს.
თავდამსხმელების დაკავებას და მათთვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას ფილიალის დაცვის თანამშრომელი შეეცადა, მან ორივე თავდამსხმელი ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. თავდამსხმელები დაჭრნენ, მაგრამ მათაც განახორციელეს გასრილა და დაცვის თანამშრომელს იარაღის წაართვეს. შემდეგ კი იარაღის მუქარით ერთ-ერთ მოქალაქეს ავტომანქანაში ჩაუსხდნენ და აიძულეს მათი შემთხვევის ადგილიდან წაყვანა.
სამართალდამცველებმა მამაკაცები იმავე დღეს დააკავეს. ორივეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით), 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჩადენილი ჯგუფურად), 150-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, ხოლო გ.ჟ-ს ასევე ბრალდება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო - საქართველოს პროკურატურა