შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს უკვე ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია. ექიმები ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, იუწყება ქართული მედია.
დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე მდგომ რვა წლის ბავშვს შარტავას ქუჩაზე 31 მარტს, დღის პირველ ნახევარში დაეჯახა. ავარიის დროს ბავშვი ტროტუარზე იდგა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი იმავე დღეს დააკავეს. 1 აპრილს მას პატიმრობა შეეფარდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.