თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. 2021 წელს საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი მატება დაფიქსირდა: ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შობადობას გადააჭარბა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე არსებულ მასალებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში 46 ათასი ბავშვი დაიბადა, გასულ წელს კი გარდაცვლილთა რაოდენობამ 59,9 ათას ადამიანს გადააჭარბა.
მოსახლეობის უარყოფითი მატება ფიქსირდება საქართველოს ყველა რეგიონში, აჭარის გარდა.
ყველაზე დიდი სხვაობა სიკვდილიანობასა და შობადობას შორის იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ -4,1 ათასი ადამიანი შეადგინა. შემდეგ მოდის თბილისი, სადაც ბუნებრივმა მატებამ -2,9 ათასი ადამიანი შეადგინა. მესამე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთი -2,4 ათასით.
აჭარაში 2021 წელს მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ 1,1 ათასი შეადგინა.
წყარო - სტატისტიკის ეროვნული სამსახური