საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი: კვარაცხელიას დებიუტი ბათუმის „დინამოში“ შედგა - ვიდეო

ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში გულშემატკივრების მხურვალე აპლოდისმენტების თანხლებით გავიდა.
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის (ეროვნული ლიგის) მეექვსე ტურის მატჩში შედგა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ბათუმის „დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გააფორმა. ქართველი ფეხბურთელი და მისი ყოფილი კლუბი, ყაზანის „რუბინი“ კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტაზე შეთანხმდნენ, კვარაცხელია კი ბათუმში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩავიდა.
ჩემპიონატის ლიდერსა და „თელავის" გუნდს შორის მატჩი ბათუმელების გამარჯვებით (1:0) დასრულდა. 33-ე წუთზე 11-მეტრიანი ლადო მამუჩაშვილმა გაიტანა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში გულშემატკივრების მხურვალე აპლოდისმენტების თანხლებით გავიდა. კვარაცხელიამ თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა საკმაოდ აქტიური იყო.
მეექვსე ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ" ლიდერობა 13 ქულით გაიმყარა. ბათუმელების მეტოქე „თელავი" შვიდი ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა.