თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 21 წლის უკრაინის მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მიმდინარე წლის თებერვლიდან დროებით მცხოვრები უკრაინის მოქალაქე მოხმარების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ იძენდა და ინახავდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდი", ასევე 400 ლარი და 1200 აშშ დოლარი. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში”.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.