გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჰაერის ტემპერატურის მატების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე საშუალოა.
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე 13:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ინფორმაციით, შეზღუდვა დაწესდა იმის გამო, რომ ჰაერის ტემპერატურის მატების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე საშუალოა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.