ძიუდო: პირველი ოქრო ანტალიიდან - გიორგი ტერაშვილი გრანდ-სლემის გამარჯვებულია - ვიდეო

გიორგი ტერაშვილმა ფინალურ ორთაბრძოლაში იტალიელი მანუელ ლომბარდო იპონით დაამარცხა.
Sputnik
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ-სლემზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
გრანდ-სლემის მეორე საჭიდაო დღეს ტატამიზე ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა. ტერაშვილთან ერთად იასპარეზა გიორგი შერაზადიშვილმაც (81კგ), რომელიც ფინალურ ბლოკში გავიდა, თუმცა ფრანგ ძიუდოისტთან მარცხის შემდეგ ტურნირს გამოეთიშა.
19 წლის გიორგი ტერაშვილმა ფინალამდე ფილიპინელ კეისეი ნაკანოს, მონღოლ ანხზაია ლავჯარგალს, რუმინელ ალექსანდრუ რაიკუსა და ყაზახ ჟანსაი სმაგულოვს აჯობა. ფინალში ქართველმა ფალავანმა იტალიელი მანუელ ლომბარდო სუფთა გდებით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ანტალიის გრანდ-სლემზე ორი მედალი აქვს. ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველ დღეს ფინალი წააგო და ვერცხლის მედალი აიღო.
მესამე საჭიდაო დღეს ტატამიზე ერთბაშად ექვსი ქართველი ძიუდოისტი გავა.