თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დღეს ჰაერის ტემპერატურის მატების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე საშუალო იყო, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა 12:00 საათიდან 19:00 საათამდე აიკრძალა.
დეპარტამენტის ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.