სათაფლია და პრომეთეს მღვიმე დროებით იკეტება

სათაფლია და პრომეთეს მღვიმე ორი დღით იკეტება.
Sputnik
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო სათაფლია და პრომეთეს მღვიმე ვიზიტორებისთვის დროებით იკეტება, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
სათაფლია და პრომეთეს მღვიმე ორი დღით იკეტება. კერძოდ, სათაფლია არ მიიღებს ვიზიტორებს 4-5 აპრილს, ხოლო პრომეთეს მღვიმე - 6-7 აპრილს.
სათაფლიის ნაკრძალი თბილისიდან 220 კილომეტრში, ხოლო ქუთაისიდან 7 კილომეტრში მდებარეობს.
დინოზავრის ჩონჩხი სათაფლიაში. გამოქვაბულში წარმოდგენილია მეცნიერისა და მკვლევარის პეტრე ჭაბუკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მასალები.
სათაფლიის დასახელება თაფლთან დაკავშირებით გაჩნდა. უძველეს დროში აქ ფუტკრები ბინადრობდნენ და ხალხი თაფლისთვის მოდიოდა.
სათაფლიაში აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახისმჭამელი დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი. სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევი ბუნების უნიკალური მოვლენაა. გეოლოგიურ წარსულში, როცა აქ ზღვის სანაპირო იყო (50-60 მლნ წლის წინ), ამ მიდამოებში დინოზავრებმა გაიარეს და დატოვეს ნაკვალევი. ნაკვალევი ორ სხვადასხვა ფენაზეა წარმოდგენილი, რაც უნიკალური შემთხვევაა მსოფლიოში.
სათაფლიას მღვიმე
პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისთავში, ქუთაისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.
საქართველოს ყველაზე დიდი მღვიმე 1984 წელს აღმოაჩინეს. დღეს ტურისტებისთვის მისი მხოლოდ მეათედი ნაწილია გახსნილი. მღვიმის შიგნით მიწისქვეშა მდინარეები და ტბებია. ქვაბულის სიგრძე თითქმის ორი კილომეტრია. ექვს დარბაზში – „არგონავტების“, „კოლხეთის“, „მედეას“, „სიყვარულის“, „პრომეთესა“ და „იბერიის“ დარბაზებში გასეირნებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება.
პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმეს ამშვენებს განათებული, სხვადასხვა ფორმის კარსტული წარმონაქმნები – სტალაქტიდები, სტალაგმიტები, სტალაგნატები. ყოველწლიურად მღვიმეს 200 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.
საქართველოში 13 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 41 ბუნებრივი ძეგლი და ორი დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი 1912 წელს შეიქმნა.