საქართველოში შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 31,8% შეადგინა

საქართველოს შუალედურ არჩევნებზე სულ 51.137 ამომრჩეველი მივიდა
Sputnik
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოს შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 31,8% შეადგინა, ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
დღეს ამომრჩევლები ირჩევდნენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატსა და ბათუმის სათათბირო ორგანოს (საკრებულოს) მაჟორიტარ დეპუტატს.
იოსელიანის თქმით, არჩევნებზე სულ 51.137 ამომრჩეველი მივიდა. ბათუმში აქტივობამ 51,3% შეადგინა, ხოლო რუსთავსა და გარდაბანში – 29%.
ცესკოს პრესსპიკერის თქმით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. საერთო ჯამში, ბათუმში საარჩევნო კომისიებში 29 საჩივარი შევიდა, რუსთავსა და გარდაბანში - არც ერთი.
საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენში რუსთავსა და გარდაბანში მიმდინარე არჩევნებზე სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი: მამუკა ტუსკაძე პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“, ირაკლი შატაკიშვილი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და კამალ მურადხანოვი „საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტიიდან“.
ბათუმის საკრებულოს დეპუტატის არჩევნებზე ბიულეტენში მხოლოდ ორი კანდიდატი იყო: ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი მათე ფუტკარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნებიდან“.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება 139.989 ამომრჩეველს შეეძლო, ხოლო ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში - 20.635-ს.
არჩევნებს აკვირდებოდა 278 პარტიის წარმომადგენელი, 1590 დამკვირვებელი 49 ადგილობრივი და 22 დამკვირვებელი 4 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
პროცესს აშუქებდა 16 მედიასაშუალების 679 ჟურნალისტი და ოპერატორი.