ინტელიგენტი, ანუ რომის არმიის გამანადგურებელი ძალა - ეს უნდა იცოდეთ

Sputnik
დღეს თუ ვინმეს ზრდილობიანი, დახვეწილი მანერების მქონე და განათლებული ადამიანის შექება სურს, იყენებს ისეთ უცხოურ სიტყვებს, როგორებიცაა ჯენტლმენი და ინტელიგენტი. მათი მნიშვნელობა ალბათ ყველას ესმის, მაგრამ ამ უცხოური სიტყვების წარმომავლობა ნაკლებად თუ იცის ვინმემ. არადა ორივე მათგანს „დიდი ისტორია“ გააჩნია.
„ჯენტლმენი“ — რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ინგლისური სიტყვა არ არის. ის ლათინურია, ნიშნავს „კეთილშობილ კაცს“ და XV საუკუნემდე ამ სიტყვით ინგლისში აღნიშნავდნენ ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავის გამოსაკვებად ფიზიკური შრომა არ უხდებოდა. 1414 წლიდან კი ჯენტლმენები ეწოდა არისტოკრატთა უმცროს შთამომავლებს.
საქმე ის არის, რომ დასავლეთ ევროპაში დამკვიდრებული „მაიორატის“ სისტემის თანახმად, არისტოკრატულ ოჯახებში მთელი უძრავ-მოძრავი ქონება და მაღალი წოდება მხოლოდ უფროს ვაჟს რჩებოდა, მისი მომდევნო შვილები კი, ასე ვთქვათ, ცარიელ-ტარიელნი რჩებოდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ მამაპაპეული ქონების გარეშე დარჩენილთ უბრალო თავისუფალ გლეხებთან — იომენებთან და ფრანკლინებთან გაიგივება არ სურდათ, ამიტომ სახელდებაში შეინარჩუნეს ის ერთადერთი, რაც მშობლებისაგან ერგოთ — კეთილშობილება, ანუ ჯენტლმენობა.
ინტელიგენტი“ ასევე ლათინური წარმოშობისაა და ანტიკური ეპოქიდან იღებს სათავეს.
ძველ რომში სამხედრო სამსახური რომის ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო იყო, ხოლო მისთვის თავის არიდება – წარმოუდგენელი რამ. ასეთ შემთხვევაში დეზერტირი რომის მოქალაქეობსაც კარგავდა და ქონებასაც:

„თუ არ მსახურობ ან არ გიმსახურია რომის არმიაში, შენ არ ხარ რომაელი“, — ასეთი იყო რომის რესპუბლიკის ძირითადი პოსტულატი.

რომის არმია შედგებოდა ლეგიონებისგან. ერთ ლეგიონში 5 კოჰორტა შედიოდა. თავის მხრივ კოჰორტები (ათასეული) ცენტურიებად (ასეული) და მანიპულებად (ათეული) იყოფოდა.
რაც შეეხება რომაელ მეომრებს, ისინი იყოფოდნენ ახალბედებად, ნასწავლებად, გამოცდილებად, ვეტერანებად და ელიტად. შესაბამისად:
ყველაზე წინ, ანუ პირველ კოჰორტაში ახალბედები იბრძოდნენ,
მეორე კოჰორტას შეადგენდნენ ნასწავლები, ანუ მეომრები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ბრძოლაში მონაწილეობა მიღებული,
მესამე კოჰორტაში გამოცდილი მეომრები შედიოდნენ, რომელთაც რამდენიმე ბრძოლაში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული,
მეოთხე კოჰორტა ვეტერანებით, ანუ იმ მეომრებით იყო დაკომპლექტებული, რომლებსაც რამდენიმე სამხედრო კამპანიაში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული,
დაბოლოს, მეხუთე კოჰორტა, ანუ ელიტა, რომელთაც ხშირად მოიხსენებდნენ როგორც „უკანასკნელ ათასეულს“, „დაუმარცხებელ ათასეულს“.
მეხუთე კოჰორტა შედგებოდა ყველაზე გამოცდილი მეომრებისაგან, რომლებსაც სამხედრო სამსახურის 10-15 წლის „სტაჟი“და რამდენიმე დიდ ომში მონაწილეობის გამოცდილება ჰქონდათ. ეს კოჰორტა ბრძოლაში დამამთავრებელ ფაზაში ერთვებოდა და სწორედ ის წყვეტდა მის ბედს.
მეხუთე კოჰორტა არასდროს იხევდა უკან — ის ან იმარჯვებდა მტერზე, ან იღუპებოდა. მისი დამარცხება შეუძლებელი იყო, შესაძლებელი იყო მხოლოდ მისი განადგურება. ეს ძალა წარმოადგენდა ლეგიონის ხერხემალს და სწორედ ისინი იცავდნენ ლეგიონის არწივს, რაც ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე იყო, ვინაიდან ლეგიონის არწივის დაკარგვა ნიშნავდა ლეგიონის განადგურებასა და გაუქმებას.
სწორედ ამ კოჰორტის მეომრებს ერქვათ ინტელიგენტები (ანუ „გაგებულები“), ვინაიდან ისინი სამხედრო საქმის ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ, არ სჭირდებოდათ იმის ახსნა, თუ როდის მოწყობილიყვნენ „კუს“ წყობით, თუ როდის აღემართათ ფარი და როდის — არა, როდის ეომათ ხმლით (გლადიუსით) და როდის — შუბით (პილუმით).
სწორედ ინტელიგენტები იყვნენ რომის გამანადგურებელი ძალა. ამ მეომრებიდან არჩევდნენ ე.წ. პრეტორიანული გვარდიისა და სენატის ელიტარული კოჰორტების მეომრებს, რომელთა უმთავრესი ფუნქცია იყო სამთავრობო შენობებისა და უმაღლეს ხელისუფალთა უსაფრთხოების დაცვა.
ინტელიგენტად ყოფნა უდიდესი პატივი იყო ნებისმიერი რომაელისთვის — მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს სენატორი იყო თუ პროკურატორი.
მოკლედ რომ ვთქვათ, ინტელიგენტი რომის სახელმწიფოში ნიშნავდა იმპერიის საუკეთესო ადამიანს.