თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს ცნოს „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე, სადაც მას დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.
30 აპრილს ბიბილოვმა გაავრცელა განცხადება, რომ „სამხრეთ ოსეთში“ 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხზე.
ნედ პრაისმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მან აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონის მომავლის გადაწყვეტის უფლება, რომელიც საქართველოს ნაწილია, სხვას არავის აქვს.
„არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოს შემადგენლობაში შემავალი სამხრეთ ოსეთის მომავალზე.<...> ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაყოფის მცდელობის შედეგებს. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, — განაცხადა პრაისმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, დატოვოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
„ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს [საქართველოს]. ჩვენ კვლავაც გავუგზავნით მოსკოვს ძალიან მკაფიო სიგნალს იმის შესახებ, რომ მეზობლების მიმართ აგრესია მიუღებელია და ამას მწვავე პასუხი მოჰყვება“, — აღნიშნა ნედ პრაისმა.
საქართველოს ხელისუფლებამ მიუღებელი უწოდა დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის განცხადებას და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე რეფერენდუმებს არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
წყარო: State Department