ხალხს ქამრების მოჭერა მოუწევს: ქართველი ექსპერტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე

საკრედიტო განაკვეთების ზრდა არ უწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას და ადამიანებს ქამრების კიდევ უფრო მოჭერას აიძულებს, მიაჩნია ექსპერტს.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შესახებ ინფლაციის ზრდის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა სოსო არჩვაძემ.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 10,5-დან 11 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინაში განვითარებული მოვლენების გავლენის გათვალისწინებით მსოფლიო ფასების ზრდაზე, რამაც საქართველოში ინფლაციის სწრაფი შემცირების ალბათობა შეამცირა. ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 2022 წლის თებერვალში 13,7% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს).

„ინფლაციის შეკავების ერთ-ერთი ეფექტური ბერკეტი არის ფულის ღირებულების გაზრდა – სესხები. ამისათვის თითოეულ ეროვნულ ბანკს გააჩნია ქმედითი ინსტრუმენტი – რეფინანსირების განაკვეთი", – განაცხადა არჩვაძემ.

მისი თქმით, თუ ინფლაცია იზრდება, მარეგულირებელი ზრდის საპროცენტო განაკვეთს, რათა რაც შეიძლება ნაკლები ფული იყოს მიმოქცევაში და ფულადი სახსრების თითოეული ერთეული მაქსიმალურად ძვირი დაუჯდეს მომხმარებელს.
„ეს, ერთი მხრივ, ამცირებს ინფლაციის ზრდის შესაძლებლობას, მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე ამცირებს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას. ანუ თუ სასწორის ერთ პინაზე ინფლაციაა, მეორეზე ეკონომიკური ზრდაა. მარეგულირებელს კი არჩევანის გაკეთება უწევს“, – განაცხადა ექსპერტმა.
არჩვაძეს მიაჩნია, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარების და სხვა მრავალი ფაქტორის გამო საქართველოში ეკონომიკური ზრდა საპროგნოზო დონეზე მოსალოდნელი არ არის, რის გამოც ყურადღება სწორედ ინფლაციის შემცირებაზეა გადატანილი, მით უმეტეს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, სამომხმარებლო ფასების დონის რეგულირებაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი.
რამდენად იმოქმედებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციის შემცირებაზე, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ეროვნულ ბანკს ამჟამად სხვა ბერკეტი არ გააჩნია, განაცხადა ექსპერტმა.
„ადამიანები, რომლებმაც სესხი აიღეს, უმეტეს ნაწილს იყენებენ არა მხოლოდ სამომხმარებლო მიზნებისთვის, არამედ თავისი ბიზნეს-საქმიანობის ასაწყობად. ეს პირდაპირ აისახება ბიზნეს-საქმიანობაზე. მათ მოუწევთ თავიანთი ამბიციების, სამეწარმეო სურვილების შეკავება და უკეთესი დროის დალოდება“, – განაცხადა არჩვაძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს არ უწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას და ადამიანებს ქამრების კიდევ უფრო შემოჭერა მოუწევთ.
მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო.
იმ წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. 2021 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე კი განაკვეთი 8%-დან 10,5%-მდე გაიზარდა.