საქართველო სარკინიგზო ტრანზიტისთვის ახალ ტვირთებს იზიდავს

მარშრუტი მოითხოვს ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს სატრანსპორტო ოპერაციების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ნათქვამია დეკლარაციაში.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს ოთხმხრივ დეკლარაციას „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ–დასავლეთ შუა დერეფნის შესახებ", ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია ე.წ. შუა დერეფნის და დეკლარაციის მხარე სახელმწიფოების სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობა. დეკლარაციაში ხაზგასმულია ასევე სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისა და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის, საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ–დასავლეთ შუა დერეფნის“ ინტეგრაციისა და მხარეთა შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა.

„საქართველოს რკინიგზა“ ასევე აქტიურად მუშაობს შუა დერეფანში მშრალი ტვირთების მოზიდვის მიმართულებითაც. რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვებით ტრანსპორტირებული ტვირთების სტატისტიკური მონაცემების შედარების შედეგად ცხადი ხდება, რომ პანდემიის მიუხედავად ეს მაჩვენებელი ზრდის დინამიკით ხასიათდება, რაც ხაზს უსვამს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი გადაზიდვების განვითარებაში ბაქო–თბილისი–ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის მნიშვნელოვანი როლი და ყურადღება გამახვილებულია აღნიშნული სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გასაუმჯობესებლად სამშენებლო სამუშაოების დასრულების მნიშვნელობაზე, რაც სარკინიგზო ხაზის გაძლიერებას მოემსახურება.
დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია აღნიშნული მარშრუტით სატრანსპორტო ოპერაციების ხარისხის ზრდისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების საჭიროება.
ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
BTK-ს სავარაუდო გამტარუნარიანობა წელიწადში მილიონ მგზავრს და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. შემდგომში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობამ შესაძლოა წელიწადში 3 მილიონი მგზავრი და 20 მლნ ტონა ტვირთი შეადგინოს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2021 წელს რკინიგზით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 10,2 მილიონი ტონა, რაც 2020 წელთან შედარებით 11,3%-ით მეტია.
მისი თქმით, 2021 წელს BTK-თი (გარდაბანი-ახალქალაქი და უკუმიმართულება) გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 20.492 TEU, რაც 2020 წელთან შედარებით 95,7%-ით მეტია. ამასთან 2021 წელს შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 10.094 TEU, რაც 2020 წელთან შედარებით 221,6%-ით მეტია.
გარდა ამისა, ტვირთბრუნვა მზარდია ასევე 2022 წლის დასაწყისისთვისაც.
2022 წლის იანვარი–თებერვლის პერიოდში რკინიგზით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 1,8 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,7%-ით მეტია. ამასთან, BTK-თი გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 4.074 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78,2%-ით მეტია.
წყარო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო