ქართველი კინემატოგრაფისტები კოპენჰაგენში CPH:DOX-ზე წარდგებიან

Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ქართველი რეჟისორები კოპენჰაგენის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფორუმზე სამ პროექტს წარადგენენ, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

CPH:DOX – სკანდინავიაში დოკუმენტური კინოს ფესტივალია. ყოველწლიურად კოპენჰაგენის კინოთეატრებში მთელი მსოფლიოდან 200-ზე მეტ ფილმს უჩვენებენ. ფესტივალის ფარგლებში ასევე იმართება ფორუმი CPH:FORUM.

CPH:FORUM კოპროდუქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმია. იგი კოპენჰაგენში ყოველწლიურად ტარდება და საერთაშორისო პოტენციალის მქონე დოკუმენტური ფილმების პროექტების განვითარებას უწყობს ხელს.
წელს ფორუმზე წარდგენილი იქნება სამი ქართული პროექტი:
9-თვიანი კონტრაქტი" - პროდიუსერები ანა ხაზარაძე და ნინო ჩიჩუა, რეჟისორი - ქეთევან ვაშაგაშვილი;
Blueberry Dreams - პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი, რეჟისორი - ელენე მიქაბერიძე;
„რაც თავი მახსოვს" - პროდიუსერი და რეჟისორი მაკა გოგალაძე.
კინოცენტრი ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებს პროექტების წარდგენისას წარმატებებს უსურვებს.