თბილისი, 31 მარტი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შესარიგებლად არ არიან მზად, მიიჩნევს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია.
გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალი ინიციატივის – ეროვნული თანხმობის მიღწევისა და ქვეყანაში დაძაბულობის მოხსნის შესახებ განაცხადა. თავისი ინიციატივის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„ვლაპარაკობთ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ. მე არსად არ მიჩხუბია, ყველა პოლიტიკურ ბანაკში ჩემი სამეგობრო და საახლობლო მყავს, მაგრამ ეს ხალხი არ არის შესარიგებლად მზად, არ აღიარებენ იმას, რაც ჩაიდინეს და კიდევ ძალმომრეობაზე არიან“, – განაცხადა გამსახურდიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში.
ის მიიჩნევს, რომ ყველა მხარე გარკვეულ კომპრომისზე უნდა წავიდეს.
„მაგრამ ადამიანი როდესაც არ აღიარებს თავის მინუსს ან შეცდომას და უარესს სჩადის, ეს კომპრომისი ვერ იქნება“, – აღნიშნა გამსახურდიამ.
საქართველოში პოლარიზაცია ყოველ ახალ არჩევნებზე მატულობს. ოპოზიციაც და მმართველი პარტია „ქართული ოცნებაც“ ლაპარაკობენ კონფრონტაციის დასრულების მნიშვნელობაზე, მაგრამ ამავე დროს ურთიერთბრალდებებს ბოლო არ უჩანს.