ავსტრიულ-რუმინული კომპანია შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოებს ჩაატარებს

ნავთობისა და გაზის ძიებისა და მოპოვების სამუშაოებზე კონტრაქტი 25 წელზეა გათვლილი.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ავსტრიულ-რუმინული კომპანია OMV Petrom S.A. შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მოძიების და მოპოვების სამუშაოებზე 30 მლნ დოლარს გამოყოფს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
კომპანიამ შავი ზღვის შელფზე ნავთობის ძიებასა და მოპოვებაზე გამოცხადებულ ტენდერში 2020 წლის ზაფხულში გაიმარჯვა.
შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე (ფართობი 5.282 კმ2) 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალ ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად, ხელი გასული წლის მარტში მოეწერა.

„კომპანია რუმინეთში უკვე ახორციელებს შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებით სამუშაოებს. ბიუჯეტი საქართველოს პროექტისთვის შეადგენს 30 მლნ აშშ დოლარს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და კომპანიის დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
სპეციალისტები თვლიან, რომ საქართველოს შელფზე ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მარაგებია. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში OMW Petrom-ი სამგანზომილებიან სეისმურ საძიებო სამუშაოებს განახორციელებს, პროექტის მომდევნო ეტაპზე კი ბურღვა დაიწყება.
კომპანიამ პარალელურად სურვილი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან განახორციელოს გაცვლითი პროგრამები საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის.
შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოები: OMV Petrom-ი დეტალებს ასაჯაროებს
კომპანია არის ავსტრიული ჰოლდინგ OMV-ს (Österreichische Mineralölverwaltung Aktiengesellschaft) ნაწილი, რომელიც 1956 წელს დაარსდა. ეს ნავთობისა და გაზის მომპოვებელი მეორე კომპანიაა სიდიდით ავსტრიაში, ხოლო ევროპაში მეათეა.
OMV Petrom S.A.-ს უკვე გააჩნია ნავთობის საბადოების მოძიების წარმატებული გამოცდილება. მან რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში აღმოაჩინა საბადო, რომლის რესურსების ღირებულება 1,5 მლრდ აშშ დოლარად ფასდება.
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში სალიცენზიო მონაკვეთებზე ნავთობის მოპოვებით ექვსი ინვესტორი კომპანიაა დაკავებული. კიდევ შვიდი კომპანია საძიებო სამუშაოებს ახორციელებს, საშუალო წლიური მოპოვება, ბოლო 10 წლის მონაცემებით, 43,6 ათას ტონას შეადგენს.