თბილისი, 30 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს გელა აბულაძესა და მერის წარმომადგენელ ანზორ ფიფიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
აბულაძეს, ფიფიას და მათთან კავშირში მყოფ კიდევ 9 პირს ედავებიან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლებას.
საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ ნუნუ აბულაძეს 2.000-ლარიანი გირაო, ხოლო დანარჩენ რვა პირს 6.000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
სხდომაზე დაცვის მხარემ გელა აბულაძის მიმართ დააყენა შუამდგომლობა თავდებით გათავისუფლების შესახებ. მას თავდებში პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები უდგებოდნენ.
წინასასამართლო სხდომა 23 მაისის 11:00 საათზე ჩაინიშნა.
აბულაძე პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის ორშაბათს დააკავეს. აბულაძის დაკავებას პარტიაში უკანონო უწოდეს და ხელისუფლება ოპოზიციაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.
საქმის დეტალები
როგორც პროკურატურა ამტკიცებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებსა და ნათესავებზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა.
მერის წარმომადგენელმა შეთანხმებისამებრ გასცა ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც საკრებულოს წევრმა და მისმა ნათესავებმა ერთი დღის ინტერვალით მიმართეს საჯარო რეესტრს და უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით ქონება.
უწყების ცნობით, ყალბი ცნობების საფუძველზე აღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს სულ 406.250 ლარის ღირებულების ჯამში 100.083 კვადრატული მეტრი 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 8 პირს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სოფელ ეწერში წალენჯიხის მერის წარმომადგენელს კი ბრალდება სსკ-ის 25–180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 341-ე მუხლით (წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარება და სამსახურებრივი სიყალბე) წარედგინა, რაც ასევე ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო წალენჯიხის მერიის თანამშრომელს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე). დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და მხილების მიზნით.