უკრაინასთან მოლაპარაკებაზე ხანგრძლივი სამუშაო გველოდება - პესკოვი

არავის უწოდებია სტამბულში გამართული მოლაპარაკებისთვის პოზიტიური, განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებებში რაიმე წინსვლაზე ლაპარაკი ჯერ არ შეიძლება, მხარეებმა ბევრი სამუშაო უნდა შეასრულონ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გუშინ სტამბულის დოლმაბაჰჩეს სასახლეში პრესისთვის დახურულ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულებისას რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის მხარემ უკრაინისგან მიიღო წერილობითი შეთავაზებები, რომელთა შორის არის უარი ყირიმის ომით დაბრუნების იდეასა და სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე.

„არავის უთქვამს, რომ მხარეებმა წინ წაიწიეს, ვინ თქვა, რომ მხარეებმა წინ წაიწიეს?“ – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ არცერთ ოფიციალურ პირს არ უწოდებია ამ რაუნდისთვის პოზიტიური.

პესკოვმა ჟურნალისტებს მოუწოდა, „გაიაზრონ ნიუანსები“ და ყურადღებით გაეცნონ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანმა დასძინა, პოზიტიურ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ უკრაინის მხარემ დაიწყო ქაღალდზე თავისი წინადადებების კონკრეტულად ფორმულირება და დაფიქსირება.

„აქამდე ამის მიღწევას ვერ ვახერხებდით. ეს პოზიტიური ფაქტორია. დანარჩენს რაც შეეხება, ჯერ არ შეგვიძლია რაიმე მეტად პერსპექტიულის, რაიმე გარღვევის კონსტატირება. ჯერ ძალიან, ძალიან ბევრი სამუშაოა შესასრულებელი“, – მოჰყავს РИА Новости-ს პესკოვის სიტყვები.

მან ხაზი გაუსვა, რომ კრემლში არ აკეთებენ განცხადებებს იმ საკითხებზე, რომლებიც ახლა „მოლაპარაკების მაგიდაზეა“. გარდა ამისა, წარმატებას ხელს არ უწყობს საკითხის საჯარო განხილვა მასმედიასა და სოციალურ ქსელებში უკრაინის წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის მათი მხრიდან, ვინც არ არის დაკავშირებული პროცესთან.
უკრაინა დათანხმდა რუსეთის პრინციპულ მოთხოვნებს - მედინსკი >>
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.