უკრაინა დათანხმდა რუსეთის პრინციპულ მოთხოვნებს - მედინსკი

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინამ პირველად წერილობით დააფიქსირა მზადყოფნა, შეასრულოს რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამდენიმე პირობა.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. უკრაინა არსებითად დათანხმდა რუსეთის ფუნდამენტურ მოთხოვნებს – არ შეუერთდეს ნატოს და უარი თქვას უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებაზე, განაცხადა მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ.
სააგენტო РИА Новости-ს ცნობით, მედინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ გადასცა ქაღალდზე დაფიქსირებული შესაძლო სამომავლო შეთანხმების პრინციპები, რომლებიც ითვალისწინებს უარს ნატოში გაწევრიანებაზე, ქვეყნის ბლოკგარეშე სტატუსის დაფიქსირებას, ბირთვულ იარაღზე უარის თქმას და ასევე უარს სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის ფლობა-შეძენა-შემუშავებაზე, უცხოური სამხედრო ბაზებისა და სამხედრო კონტინგენტების განლაგებაზე.

„ანუ უკრაინამ განაცხადა მზადყოფნა, შეასრულოს ის ფუნდამენტური მოთხოვნები, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია დაჟინებით მოითხოვდა ბოლო წლების განმავლობაში”, – განაცხადა მედინსკიმ ტელეკომპანია Россия 24-ის ეთერში.

მისი თქმით, თუ ვალდებულებები შესრულდება, უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს პლაცდარმის შექმნის საფრთხე გაქრება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.