თბილისი, 30 მარტი – Sputnik. მიმდინარე წელს პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას People PR წარუძღვება, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, People PR 2009 წლიდან ოპერირებს და მასშტაბური პიარ-კამპანიების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს.
„კომპანია People PR-თან თანამშრომლობის მიზანი პოლონეთის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდის ხელშეწყობაა“, – აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
2022 წელს ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართება; განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედიაკამპანიები; ქართულ ღვინოსთან ერთად წარმოჩენილი იქნება ქართული ღვინის კულტურა, ისტორია, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, ქართული სამზარეულო და კულინარია.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. 2021 წელს პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 7 მილიონ ბოთლს გადააჭარბა, 2020 წელთან შედარებით ზრდამ 34%-ს მიაღწია.