თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა განახლებული კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“.
კანონის განახლებული ვარიანტი წარმოადგენს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ არსებული კანონის ახალ ვერსიას, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებლის უფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე ეს სააგენტო განახორციელებს. კანონი ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევა, ხოლო საჩივრების განხილვა 1 ნოემბრიდან დაიწყება.
„კანონის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი, ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
როგორც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, 2022 წლის 1 ივნისიდან კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნება შესაბამისი დეპარტამენტი და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის პარალელურად გადამზადდებიან თანამშრომლები.
„დეტალურად იქნება გაწერილი საჩივრის მიღებისა და განხილვის წესი და სააგენტო უზრუნველყოფს, რომ ყველა მხარის უფლება იქნეს თანაბრად დაცული და გარანტირებული“, – განაცხადა ლექვინაძემ.
სააგენტო საჩივრის მიღებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვრავს მის დასაშვებადობას, ერთი თვის ვადაში განიხილავს საჩივარს და, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მოვაჭრეს გააფრთხილებს, მისცემს ვადას მისი აღმოფხვრისთვის, ხოლო მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება სანქცია – წინა წლის ბრუნვის 2%-მდე ოდენობით.
ამ თემაზე მუშაობისას კანონმდებლებმა კანონის მოქმედი ვერსიის ყველა არსებულ ნორმას გადახედეს. კანონის ახალი ვერსიის მიხედვით, საქართველოში პირველად გაჩნდება მომხმარებლების გარანტირებული უფლებები საქონლისა და მომსახურების შეძენისას.
კერძოდ, საქონლის შეძენისას მომხმარებელს ექნება გარანტია იმისა, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნილ სტანდარტებს, არ არის ვადაგასული და ემსახურება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ მიზნებს.
ასევე კანონი უზრუნველყოფს საქონლის დაბრუნების შესაძლებლობას, რაც აქამდე მოქმედ კანონმდებლობაში არ იყო გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი წუნდებული აღმოჩნდება, გამყიდველს მოეთხოვება მისი გამოცვლა, შეკეთება, ფასდაკლების გაკეთება ან თანხის დაბრუნება.
ამავდროულად, მომხმარებელს უფლება ექნება მოითხოვოს თანხის დაბრუნება ან ფასდაკლება საქონელზე, თუ მოვაჭრემ ან სავაჭრო ობიექტმა ვერ შეძლო საქონლის გამოცვლა ან შეკეთება, ან ეს არ მოხდა გონივრულ ვადაში. თუმცაღა, ფული არ დაუბრუნდება მყიდველს, თუ წუნი უმნიშვნელო აღმოჩნდა.
უწყების ინფორმაციით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივებზე დაყრდნობით მომზადდა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის (GIZ) მხარდაჭერით.
კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.