საგარეო უწყება: დახმარება უკრაინაში მყოფ საქართველოს 3000-მდე მოქალაქეს გაეწია

უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოები პირველადი საჭიროების დახმარებას უწევენ.
Sputnik
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ამ დროისათვის უკრაინაში მყოფ საქართველოს 3 ათასამდე მოქალაქეს გაეწია დახმარება პირველადი მოხმარების ნივთებით, ტრანსპორტირებითა და დროებითი საცხოვრებლით, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს.
ამასთან, გრძელდება უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული გაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ, ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულო განაგრძობს ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებას სპეციალური ავტობუსების მეშვეობით. მორიგი რეისი 30 მარტს არის დაგეგმილი.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მათ დაევალათ უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში გამომგზავრება“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირაში უკრაინიდან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით საქართველოს 100 მოქალაქე დაბრუნდა.
ამჟამად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში. უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის გარდა, ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში – რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში.
24 საათის განმავლობაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, საიდანაც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.