თბილისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსებას ზრდის

თბილისის მერია „აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას" 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. თბილისის მერია 1 აპრილიდან აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რაოდენობას ზრდის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მერმა აღნიშნა, რომ 1 აპრილიდან პროგრამით მოსარგებლე ბავშვთა და მოზარდთა რიცხვი 170-ით გაიზრდება და ჯამში 1.545 ბავშვი და მოზარდი დაფინანსდება. ასევე სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს დამატებით კიდევ ერთი ცენტრი დაემატება და პროგრამას რვა დაწესებულება მოემსახურება.
გარდა ამისა, იზრდება პროგრამის ბიუჯეტიც, რომელიც, მერის განცხადებით, 6 მლნ ლარს გადააჭარბებს.

„აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და მაშინ პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 500 ათასი ლარი იყო. მას შემდეგ პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და, შესაბამისად, მეტი ბავშვის დაფინანსება ხდება შესაძლებელი“, – განაცხადა კალაძემ.

გაზრდილია პროგრამაში ჩართული ბავშვების ასაკიც. კერძოდ, თუ თავიდან თერაპიული სეანსები 2-დან 14 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ, დარგის სპეციალისტებთან და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად პროგრამაში ჩართული მოზარდების ასაკი 18 წლამდე გაიზარდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.