ვილი სანიოლი: მთავარია შევინარჩუნოთ ის დინამიკა, რაც ოქტომბრიდან გვაქვს

საქართველოს ნაკრებს ზედიზედ ოთხი მატჩი აქვს მოგებული. ვილი სანიოლის გუნდი მოგებათა სერიის შენარჩუნებას ალბანეთის ნაკრებთანაც ეცდება.
Sputnik
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მორიგი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.
მოახლოებული შეხვედრის შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ნაკრების მთავარი მიზანი იმ დინამიკის შენარჩუნებაა, რომელიც გუნდს ოქტომბრიდან აქვს. მისი თქმით, ამხანაგური შეხვედრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის მოსამზადებლად კარგი შესაძლებლობაა.

„იგივე მოლოდინი მაქვს, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩამდე. სამწვრთნელო შტაბისთვის ნათელია, რომ ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს, თუმცა ეროვნული ნაკრებში კარგი თამაშის ჩვენების საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა სანიოლმა.

აღსანიშნავია, რომ სანიოლის გუნდს ალბანეთთან მატჩში ვერ დაეხმარება ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის შემტევ ნახევარმცველს მიკროტრავმა აწუხებს.
საქართველოსა და ალბანეთის დაპირისპირება ტირანაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. გუნდები ერთმანეთს სულ 13-ჯერ შეხვდნენ და სტატისტიკაში საქართველოს უპირატესობა აქვს (7 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება).