რუსეთთან ნავთობ-გაზის თამაშებმა ევროპა ჩიხში შეიყვანა

Sputnik
ნატალია დემბინსკაია
ევროკავშირში ამზადებენ სანქციების მეხუთე პაკეტს, რომელიც რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. გერმანია უკვე ფიქრობს რუსეთიდან გაზის იმპორტის შეწყვეტას, მაგრამ ჯერ შემცვლელი ვერ იპოვა. დიდ ბრიტანეთს სურს ნავთობპროდუქტების გარეშე იცხოვროს, რის შედეგადაც უძლიერესი ეკონომიკური შოკის რისკის წინაშე აღმოჩნდება. როგორ გადაჭრან პრობლემა ისე, რომ დარტყმის ქვეშ არ დააყენონ მთელი ევროპული მრეწველობა, ჯერ ვერ მოიფიქრეს. მოსკოვმა კი ამასობაში ახალი თავსატეხი მოიგონა.

ამბიციური გეგმები

რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგო გამოცხადდება, თუ დაიწყება „კიევის მასობრივი დაბომბვა“, წერს Reuters-ი ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. თუმცა იგივე წყარო აღიარებს, რომ სანქციები არ შეცვლის მოსკოვის პოლიტიკას უკრაინის მიმართ.
გერმანიის უმსხვილესმა ენერგოკონცერნმა E.ON-მა შეწყვიტა რუსული კომპანიებისგან გაზის შესყიდვა. ნორვეგიის ცისფერი საწვავის იმედი ჰქონდათ, რომელიც გერმანელების მოთხოვნილების მესამედს აკმაყოფილებს. თუმცა, პრემიერ იონას გარ სტიორეს სიტყვებით, ოსლოს დეფიციტის შესავსებად საკმარისი რეზერვები უბრალოდ არ გააჩნია.
ბუნებრივი აირი გერმანიას ძირითადად Gassco-ს მილსადენებით მიეწოდება: მაგალითად, ემდენში, ქვეყნის ჩრდილოეთში. ისინი თითქმის სრულადაა შევსებული. მეტი აირის გადასაქაჩად აუცილებელია სიმძლავრის გაზრდა, რაც ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია.
სცადეს კატართან მოლაპარაკება თხევად აირზე. ასევე უშედეგოდ. იქიდან ექსპორტი, პირველ რიგში, ჩინეთში წარმოებს: იქ მეტს იხდიან.
მთავარი საკითხი – რით გაათბონ სახლები და შეინარჩუნონ მრეწველობა, განსაკუთრებით, ენერგეტიკული კრიზისის პირობებში – დღემდე გადაუჭრელია.
კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღიარა: ევროპა ვერ დაასრულებს რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას ერთ საათში. ასობით ათასი სამუშაო ადგილი აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, მრეწველობის არაერთი დარგი კი – გადარჩენის ზღვარზე. სანქციებმა არ უნდა დაარტყას ევროკავშირს უფრო ძლიერად, ვიდრე მოსკოვს.

ეკონომიკური შოკი

დიდი ბრიტანეთი, როგორც ბიზნესის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრმა კვაზი კვარტენგმა განაცხადა, რუსეთიდან იმპორტს წლის ბოლოსთვის შეწყვეტს. თუმცა ინგლისურმა The Telegraph-მა უკვე აღნიშნა, რომ გრანულირებული ხის საწვავის შეძენაზე შეზღუდვის დაწესებამ ძლიერ გაართულა ვითარება.
ბოლო წლებში ათასობით სახლი და საწარმო გადავიდა ასეთ გათბობაზე, რასაც სახელმწიფო აქტიურად უწყობდა ხელს. რუსეთი ტორფისა და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან მიღებული საწვავის უმსხვილესი მიმწოდებელი იყო. ახლა ბრიტანელები ალტერნატივას ეძებენ.
ფასები 25-40 პროცენტით გაიზარდა – ერთი ტონა თითქმის 400 ფუნტი სტერლინგი ღირს. და ეს არ არის ბოლო ზღვარი. გაზი ხუთჯერ გაძვირდა. მოსალოდნელია, რომ აპრილში გათბობისა და ელექტროენერგიის ფასი 50%-ით გაიზრდება.

მხოლოდ პრობლემები

ათასი კუბომეტრი ცისფერი საწვავის კოტირება ახლა 1,2 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს, მარტის დასაწყისში რეკორდული 4 ათასი ღირდა. უმსხვილესი საინვესტიციო ბანკებისა და ნედლეულის ანალიტიკოსების აზრით, რუსულ ნავთობზე უარი შავი ოქროს ფასსაც მნიშვნელოვნად გაზრდის – ერთ ბარელს 300 დოლარამდე.
თუ ჯო ბაიდენი დაიყოლიებს ევროპას, საბოლოოდ გაწყვიტოს ურთიერთობა მოსკოვთან, მოსალოდნელია ნამდვილი კოლაფსი.
2021 წელს ევროკავშირმა რუსეთიდან 100 მილიარდი ევროს ღირებულების ენერგორესურსები შეიძინა. ნახევარზე მეტი ნედლი ნავთობი, დანარჩენი ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი და ნახშირი. ძირითადი მომხმარებლები არიან ნიდერლანდი, გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი.
აშშ-ში ჯერ არ იციან, როგორ მოიქცნენ. ვენესუელასაც მიმართეს. მაგრამ ვერ შეთანხმდნენ, რადგან ნიკოლას მადურომ მოითხოვა ოფიციალური პირების მიმართ მოქმედი ყველა სანქციის გაუქმება და სრული კონტროლი სახელმწიფო კომპანია PDVSA-ზე.

დიდხანს არ გასტანს

ანტირუსული ისტერია, შესაძლოა, მალე ჩაცხრეს. JP Morgan-ში ფიქრობენ, რომ რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის შეწყვეტა დიდხანს არ გასტანს. „ნორმალური“ სცენარის შემთხვევაში ერთი ბარელი Brent მეორე კვარტალში 114 დოლარი ეღირება, წლის ბოლომდე – 101 დოლარი.
ემბარგოზე მსჯელობისას დასავლეთი ცდილობს მოსკოვის ახალ მოთხოვნაზე – რუბლით ანგარიშსწორებაზე იფიქროს. როგორც Der Spiegel-ი წერს, თავზარდაცემულმა მყიდველებმა არ იციან, სად იშოვონ ამდენი რუბლი. ორშაბათს გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა პეტერ ალტმაიერმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები არ აპირებენ ამ პირობის შესრულებას. მაგრამ არც მოსკოვი აპირებს გაზის უფასოდ მიწოდებას.
ამასობაში რუსეთმა კიდევ ერთი კონტრსანქციური დარტყმა მიაყენა დასავლეთს. ცენტრალურმა ბანკმა ოქროს სავალუტო რეზერვების გაყინვის სანაცვლოდ შეზღუდა სახსრების მოძრაობა არამეგობრულ ქვეყნებში. ახლა უცხოელებს ვერ მიჰყიდიან ფასიან ქაღალდებს და ვერ გადარიცხავენ ფულს საზღვარგარეთ.
რედაქცია შესაძლო არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს დ პასუხს არ აგებს მათზე