კანონი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“: პარლამენტში ცვლილებების განხილვა გადაიდო

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტის დასჯის მცდელობაა.
Sputnik
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. პარლამენტში ორი კვირით გადაიდო „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რომელიც უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში ქვეყნის პრეზიდენტის ქმედებების გასაჩივრების შესაძლებლობას ითვალისწინებს. განხილვის გადადების გადაწყვეტილება მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო.
კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც მთავრობასთან არ შეათანხმა საზღვარგარეთ ვიზიტები და ელჩების დანიშვნის გადაწყვეტილებები. მმართველმა პარტიამ ვერ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ქმედებები და ამიტომ ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით დააპირა, მაგრამ ამის გამო ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.

„იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ ოდნავ საკამათო არგუმენტი – „ასე ჩქარა რატომ“, მივცეთ ორი კვირის ვადა და პროექტი ორი კვირის შემდეგ იმავე წესით განვიხილოთ“, – მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, გადავადების შედეგად მოიხსნება პროექტის განსხვავებული აღქმის შესაძლებლობა, ხოლო ოპოზიციას სამართლებრივი არგუმენტების მოსამზადებელი დრო ექნება.
საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტის „დასჯის“ მცდელობაა.
„თავიდან ბოლომდე ეს კანონპროექტი იყო პოლიტიკური შინაარსის“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
მმართველ პარტიაში ცვლილებებს განიხილავენ როგორც პრეზიდენტის კომპეტენციის განსაზღვრის შესაძლებლობას.
„ერთადერთი, რასაც დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო (ცვლილებების შეტანის შემდეგ), არის ის, თუ ვის ეკუთვნის ელჩის დანიშვნის კომპეტენცია პრაქტიკული თვალსაზრისით“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სანამ მმართველი პარტია და ოპოზიცია ცვლილებების არსზე კამათობდნენ, მასმედიაში გავრცელდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილს ერთი წლის განმავლობაში არცერთი წარდგენილი ელჩის კანდიდატურა არ დაუბლოკავს.
მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა არ დააყოვნა და პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულა.

„არის რამდენიმე ელჩი და თანაც უმნიშვნელოვანეს ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც მან (საქართველოს პრეზიდენტმა) ხელი არ მოაწერა. დეტალებს არ ვიტყვი. მე არ ვიცი, ისინი რას ამბობენ, მაგრამ მე რასაც ვამბობ, არის სიმართლე და თუ ვინმე სხვა რამეს ამბობს, ეს არის ტყუილი“, – განაცხადა სუბარმა.

კანონი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“: იურიდიულმა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა >>
ამ დროისათვის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ბიუროზე რეგისტრაციისთვის მზადდება და კომიტეტებზე მათი განხილვა მომდევნო კვირაში მოხდება.