მსოფლიო დღეს

რუსეთის გვერდის ავლით: იგეგმება მსოფლიოში ყველაზე გრძელი ავიამარშრუტის გახსნა

Sputnik
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ავიაკომპანია Cathay Pacific-ი აპირებს, რომ ჰონკონგიდან ნიუ-იორკში რეისების შესრულებისას რუსეთის საჰაერო სივრცეს გვერდი აუაროს, რა დროსაც 16.600 კმ-ით მეტის ფრენა მოუწევს, იუწყება სააგენტო Bloomberg-ი კომპანიის შიდა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, მოგზაურობა დაახლოებით 17 საათს გასტანს და ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე გრძელი ავიამარშრუტი.
ჰონკონგური ავიაკომპანია Cathay Pacific-ი გეგმავს, რომ ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისებს ატლანტის ოკეანის, დიდი ბრიტანეთის, ევროპის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის საჰაერო სივრცეების გავლით შეასრულებს. მარშრუტის სიგრძე 16.618 კმ იქნება, ხოლო ფრენის ხანგრძლივობა — 17 საათი.
მანამდე არსებული, ჰონკონგიდან ჩრდილოეთით მიმავალი მარშრუტის სიგრძე, რა დროსაც რუსეთისა და არქტიკის საჰაერო სივრცეები იკვეთებოდა, 12.990 კმ იყო, ხოლო ფრენის ხანგრძლივობა — 15 საათი.
ევროკავშირის ქვეყნებმა, მათმა მეზობელმა სახელმწიფოებმა, შეერთებულმა შტატებმა და კანადამ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ დახურეს. საპასუხოდ რუსეთმა 36 ქვეყნის ავიაკომპანიებისთვის დახურა ცა. ამ ჩამონათვალში ჰონკონგი და ჩინეთი არ შესულა, მაგრამ ბევრმა გადამზიდველმა მაინც დაიწყო ფრენების რუსეთის გვერდის ავლით განხორციელება.