თბილისი, 29 მარტი — Sputnik. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარე ზბიგნევ რაუ მიმდინარე კვირაში საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, ნათქვამია ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის ტურნე 29 მარტს დაიწყება და 1 აპრილს დასრულდება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ზბიგნევ რაუ შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გია ვოლსკისთან.
„ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი თანამშრომლობის, დიალოგისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე იქნება ორინეტირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეუთო (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) 1995 წლიდან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობას, ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისათვის საჭირო პირობების შექმნას, საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვისათვის ზრუნვას და ა.შ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეუთოს თავმჯდომარე 2022 წლის იანვარში გახდა.