საქართველოში საწვავის ფასები დაიწევს: ლევან დავითაშვილის პროგნოზი

ამა თუ იმ გადასახადის შემცირებისა თუ გაუქმების გადაწყვეტილება ბიუჯეტისთვის ძალიან სარისკოა, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოში საწვავის ფასი შემცირდება უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი ნავთობპროდუქტების იმპორტის ხარჯზე, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს დიდ ქალაქებში გუშინ საწვავზე ფასების შემცირების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა. თბილისში მომიტინგეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის გამო 20 ადამიანი დააკავეს.

„გვქონდა კომუნიკაცია ნავთობის იმპორტიორებთან, ვიცით მათი ახლანდელი კონტრაქტები. ველოდებით კერძო სექტორიდანაც პასუხისმგებლობას იმისა, რომ სწრაფად მოხდეს ფასების ასახვა საცალო ქსელში. ჩვენი მოლოდინია რომ ფასებმა უნდა დაიწიოს“, - განაცხადა დავითაშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, საწვავის დღევანდელი ფასები ეს არის პიკზე დაფიქსირებული ფასები, როდესაც ნავთობის ფასები იყო რეკორდული.
„ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი გაყიდვის კონტრაქტებიდან ფიუჩერსული გარიგებები შედარებით დაკლებულ ფასებში არსებობს“, - აღნიშნა მინისტრმა.
როგორც დავითაშვილმა განაცხადა, საწვავის ფასების ზრდის პრობლემა ორი ნაწილისგან შედგება.
„ერთია ის, რომ სისტემურად უნდა უზრუნველვყოთ ქვეყანაში ისეთი გარემო, რომ კონკურენტულ პირობებში მოხდეს საწვავის და ზოგადად ენერგომატარებლების მოწოდება, და ეს არის ხელისუფლების მთავარი ამოცანა“, - განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, უწყება მუშაობს იმაზე, რომ მონაწილე მხარეებთან კომუნიკაციის იმგვარი რეჟიმი იყოს, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს ქვეყანაში საწვავის მოწოდება, და ეს კონკურენტული გარემო ქმნიდეს ხელსაყრელ პირობებს, რათა ფასი იყოს ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი.
„მეორე ნაწილი - ეს არის სახელმწიფოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს ამა თუ იმ მიზნობრივი ჯგუფის დახმარებას. ასეთი არაერთი გადაწყვეტილება მიგვიღია“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, დავითაშვილი გამოეხმაურა გუშინდელ აქციებზე გაჟღერებულ მოთხოვნებს საწვავზე აქციზის გაუქმებასა და დღგ-ს განაკვეთის მცურავ რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით.
„ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, ძალიან მგრძნობიარე და სარისკოა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამა თუ იმ გადასახადის ან შემცირებას ან მოხსნას ამა თუ იმ პროდუქტზე. ამან შეიძლება დაარღვიოს ფისკალური დისციპლინა და აისახოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც მანამდე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, აქციზი და დღგ ჯამურად ქვეყნის შემოსავლებში შეადგენს 1,3 მილიარდ ლარს, რაც საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით 8-9%-მდეა, ხოლო საწვავზე აქციზის და დღგ-ის შემცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდება, რადგან 2022 წლის ბიუჯეტი უკვე დაგეგმილია.
საწვავზე ფასების ზრდა საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი „ნახტომი“ მიმდინარე წლის თებერვალ–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი თითქმის 12%-ით გაძვირდა, ერთი ლიტრის ფასი თითქმის 3,8 ლარს აღწევს, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა.