თბილისი, 28 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ბრალდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო.
სხდომის დასაწყისში სააკაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცეს. გამოსვლა 15 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.
ტრადიციულად, გამოსვლის ძირითადი ნაწილი ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დაუთმო. თუმცა, წინა სხდომებისგან განსხვავებით, ამჯერად სააკაშვილი სასამართლოს წინაშე არა უკრაინის დროშის ფერებიანი მაისურით, არამედ კლასიკური კოსტიუმითა და შავკოპლებიანი ყვითელი ჰალსტუხით წარდგა.
საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის გარეშე არც ამ სხდომას ჩაუვლია. მიზეზი საწვავისა და კვების პროდუქტების გაძვირება გახდა. სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ კვირას გამართული საპროტესტო აქციების უკან სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იდგა.
„რა შუაშია სააკაშვილი?!“ – განაცხადა მან და ხელისუფლება კორუფციასა და ხალხისადმი გულგრილობაში დაადანაშაულა.
ექს-პრეზიდენტის გამოსვლა იმდენად ემოციური და ხმამაღალი იყო, რომ მოსამართლემ რამდენჯერმე მოუწოდა მას სიმშვიდისა და წესრიგისკენ.
მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა კვლავ მოუწოდა ხალხს მასობრივი საპროტესტო აქციებისა და ამჟამინდელი ხელისუფლების ჩამოშორებისკენ, რათა მომავალში „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ ჩამოყალიბდეს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
სიტყვით გამოსვლისას მან შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზუროდ მოიხსენია არა მხოლოდ მოქმედი მთავრობა, არამედ პროკურორები და მოსამართლეები და თავისი პატიმრობის ფაქტს „სირცხვილი“ უწოდა.
პათეტიკური გამოსვლისას სხდომათა დარბაზში აპლოდისმენტები გაისმა, რის შემდეგაც მოსამართლემ მანდატურებს სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერის დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა.
ამის შემდეგ სააკაშვილმა დარბაზი დატოვა, სხდომა კი მის გარეშე გაგრძელდა.
დარბაზიდან გასვლამდე მოსამართლე ნინო ელიეშვილმა პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ მომდევნო სხდომებზე სასამართლო არ მოისმენდა მსგავს განმარტებებს.
საპასუხოდ სააკაშვილმა განუცხადა: „თქვენ ისევე ხართ სასამართლო, როგორც მე კოსმონავტი“, და დარბაზიდან გავიდა.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის სამი მოწმე. ყველა მათგანი ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომელი იყო. სასამართლოს დარბაზში მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 7 ნოემბერს საქმის შესრულებისთვის პრემიები მიიღეს.
აღნიშნულ საქმეზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 მაისს გაიმართება.
სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს 2007 წლის 7 ნოემბერს ძალოვანებმა ძალის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით თბილისში სხვადასხვა ადგილზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალეს.
დღის ბოლოს სპეცრაზმი შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც მაშინ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა და სააკაშვილის საქმიანობას აკრიტიკებდა. შედეგად „იმედში“ დაზიანდა ტექნიკა და გამოირთო მაუწყებლობა.