ვითარება საქართველოს გზებზე: სად მოქმედებს შეზღუდვები

შეზღუდვები ინტენსიური თოვის გამოა დაწესებული
Sputnik
თბილისი, 27 მარტი– Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
აღნიშნული გზის 1-52-ე კმ მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა ინტენსიური თოვის გამო იყო აკრძალული.
თოვის გამო კვლავ აკრძალულია ტრაილერების მოძრაობა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი