ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ჰოლივუდში გაემგზავრებიან

ვიზიტის მიზანია ქართული კომპანიების დაკავშირება ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან სტუდიებთან, როგორებიცაა Universal Pictures, Disney, HBO და სხვ.
Sputnik
თბილისი, 27 მარტი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში” ფარგლებში, ჰოლივუდში ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი იგეგმება. ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ჰოლივუდში სამუშაო ვიზიტი 5-დან 15 ივნისის ჩათვლით არის დაგეგმილი.
დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის პროდუსერთა გილდიის მთავარ კონფერენციაშიც - Produced By Conference. აღნიშნულ ღონისძიებაზე მოხდება საქართველოს, როგორც გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაცია.
უწყების ცნობით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში” საქართველოს კინოინდუსტრიის სფეროს ყველა წარმომადგენელს სამუშაო ვიზიტსა და კონფერენციაში მონაწილეობისა და საკუთარი შესაძლებლობების საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციის შესაძლებლობას აძლევს.
სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციაზე დასწრებით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი არაუგვიანეს 5 აპრილისა უნდა შეავსონ. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტი აუცილებლად უნდა ფლობდეს აშშ-ის ვიზას.
პროექტის მხარდამჭერია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.
პროგრამას „გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.
წყარო - სააგენტო „აწარმოე საქართველოში”