თბილისი, 27 მარტი – Sputnik. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის ცნობილი ჟურნალისტი საიმონ ჯეიმს ასბორნი მოამზადებს სტატიას საქართველოს, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულების პოტენციალის შესახებ, ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ასბორნი, რომელიც უკვე თბილისშია, ცხრადღიანი ტურის ფარგლებში ეწვევა სვანეთს, სადაც გაეცნობა რეგიონის მთის კურორტებს, ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას.
„მე სტატიას ვწერ საქართველოს შესახებ Financial Times-ის გამოცემისთვის. პირველი შთაბეჭდილება არაჩვეულებრივია საქართველოზე, მზე ანათებს და ლამაზი დღეა. მთელი დღე თბილისში გავატარე, ვტკბები ლამაზი ხედებით და დავაგემოვნე არაჩვეულებრივი ქართული სამზარეულო, ძალიან ბედნიერი ვარ აქ რომ ვიმყოფები“, - მოჰყავს ასბორნის სიტყვები სააგენტოს პრესსამსახურს.
ხვალ ჟურნალისტი გაემგზავრება მესტიაში, სადაც თხილამურებით ისრიალებს და სვანეთის მთებს შვეიცარიისა და საფრანგეთის ცნობილ ევროპულ სათხილამურო კურორტებს შეადარებს.
მისი თქმით, დღეს მთელი მსოფლიოდან მოთხილამურეები აქტიურად ეძებენ ახალ შეგრძნებებს. საქართველოს სათხილამურო კურორტებს კი შესანიშნავი რეპუტაცია აქვთ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის თქმით, Financial Times-ში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიის გამოქვეყნება ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეებში და ამით ტურისტების ნაკადს გაზრდის.
„ჩვენ ვმასპინძლობთ გავლენიანი ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტს. Financial Times-ს მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად 26 მილიონი მკითხველი ჰყავს. სტატია საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას ეხება“, - განაცხადა ჯანიაშვილმა.
მისი თქმით, გავლენიანი ჟურნალისტის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის პოპულარიზაციისთვის.
საიმონ ჯეიმს ასბორნი - ცნობილი მწერალი, ჟურნალისტი და მოგზაურია. ის უამრავი სტატიის ავტორია, რომელიც გამოქვეყნებულია ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორიცაა Financial Times, Guardian, Vogue, GQ, Tatler, Buzzfeed და ES Magazine.