Family Rats: „გაგოშამ“ ვირთხების ოჯახზე NFT-კომიქსი შექმნა

კომიქსი მოგვითხრობს საშუალო კლასის ნაცრისფერი ვირთხების ოჯახზე, რომელიც უკეთესი ცხოვრების ძიებაში სოფლიდან ქალაქში გადაბარგდა
Sputnik
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს ყველაზე ცნობილმა გრაფიტის შემსრულებელმა „გაგოშამ“, იგივე გიორგი გაგოშიძემ შექმნა კომიქსი Family Rats (ვირთხების ოჯახი) და პოპულარულ სავაჭრო პლატფორმა NFT OpenSea-ზე გამოაქვეყნა.
„დიდი ხანია ვგეგმავდი ამ კომიქსის გაკეთებას და საბოლოოდ გამომივიდა. ვეცდები ყოველ კვირას თითო ეპიზოდი დავხატო. და, რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც ჩვენთან ხდება, აისახება ჩვენს გმირებზე. ისინი იზიარებენ იმავე სოციალურ და პოლიტიკურ სირთულეებს, როგორც ჩვენი საზოგადოება“, - წერს Gagosh.
კომიქსი მოგვითხრობს საშუალო კლასის ნაცრისფერი ვირთხების ოჯახზე, რომელიც 10 წლის წინ უკეთესი ცხოვრების ძიებაში სოფლიდან დიდ ქალაქში გადაბარგდა. ამასთან, მეგაპოლისის მკვიდრ მოსახლეობას შავი ვირთხები წარმოადგენენ.
მთავარი გმირები არიან მამა დრატი, თხილის ქარხნის თანამშრომელი და მისი ცოლი მრატი, მედდა. ის მუშაობს კლინიკაში, რომელსაც, როგორც ბევრ სხვა საწარმოს ქალაქში, მართავენ თეთრი ვირთხები, რომლებიც ადამიანების მიერ გამოყვანილ ჰიბრიდულ ჯიშს წარმოადგენენ.
Gagosh, რომელსაც ქართველ ბენქსის უწოდებენ, 35 წლისაა. ბავშვობიდან ხატავს. მისი სიღრმისეული აზრის მქონე ნამუშევრები ამშვენებს შენობების კედლებს საქართველოსა და ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში. თავის შემოქმედებაში თავისუფლებისმოყვარე ხელოვანი ჩვენი დროის სხვადასხვა სოციალურ პრობლემას ეხება. ის ასევე ქმნის ფერად მოზაიკას და კედლის პოეზიას.
OpenSea ურთიერთშეუცვლელი ტოკენების სავაჭრო პლატფორმაა, რომელიც 2017 წლის 20 დეკემბერს ნიუ-იორკში დევინ ფინზერმა და ალექს ატალახმა შექმნეს. მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან და წარმოადგინონ NFT-ები OpenSea-ზე და შეიძინონ ისინი პირდაპირი შესყიდვისთვის ან აუქციონისთვის.
წყარო - OpenSea