ვითარება საქართველოს გზებზე: სად მოიხსნა შეზღუდვები

გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობას უამინდობა აფერხებს.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. რუსეთ–საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება აღდგენილია, ხოლო ლიპყინულის გამო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა გუშინ ზვავსაშიშროების საფრთხის გამო აიკრძალა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი–მანგლისის საავტომობილო გზაზეც.
დავით-გარეჯისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები მოქმედებს>>
მაგრამ ამ გზის 1-24 კმ მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები) გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.