თბილისი, 25 მარტი — Sputnik. დასავლეთის ანტირუსულ სანქციებზე საქართველოს რეაქცია იყო აწონილ-დაწონილი და ეს ფაქტი „შეუმჩნეველი არ დარჩება“, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა მოსკოვში გამართულ საქართველო–რუსეთის საექსპერტო შეხვედრაზე.
კარასინის სიტყვებზე კომენტარები გაკეთდა საქართველოს პარლამენტში.
„მათ თავიანთი ხედვა და პოზიცია აქვთ, ამაზე კამათი ჩვენთან არ ღირს“, — აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ბრიფინგზე.
ხოლო ყოფილი სპიკერის არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის კარასინის შექება არაფერს ნიშნავს.
„არცერთი ასეთი შექება, არცერთი ასეთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა“, — აღნიშნა თალაკვაძემ.
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს უმთავრესი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობის საკითხია.
ამასთან, თალაკვაძემ არ გამორიცხა, რომ კარასინის „ამ განცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მართული მედია გატაცებული იყოს ამ საკითხით და ძალიან ბევრი განცხადება გააკეთონ“.
საქართველოს ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს დასავლეთის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს, იმით ხსნის, რომ ეს ბევრად მეტ ზიანს მიაყენებს თავად საქართველოს და მის მოსახლეობას. ამის გამო ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სისუსტეში ადანაშაულებს.
რაც შეეხება მოსკოვში გამართულ ქართულ–რუსულ ექსპერტთა შეხვედრას, როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, ამასთან ხელისუფლებას არავითარი კავშირი არ აქვს.
„საქართველოს სახელით ამ შეხვედრაზე არავინ იყო წარმოდგენილი. რამდენიმე ექსპერტი საკუთარი ინიციატივით წავიდა", — განმარტა გიორგი ვოლსკიმ.
ექსპერტთა შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი და ქართულ–რუსული საზოგადოებრივი ცენტრი. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველო–რუსეთის ურთიერთობები და პერსპექტივები, ასევე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკის, სულიერი და მორალური ფასეულობების შენარჩუნების საკითხები.