ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. კომპანია Enka Renewables LLC-მა საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა, ნათქვამია ENKA Insaat-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ფინანსურ ანგარიშში.
თურქულმა კომპანია ЕNKA-მ 2021 წლის სექტემბერში საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ერთ თვეში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდა, იანვარში კი საქართველოში თავისი ოფისები დახურა. „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ერთბაშად ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნებოდა (333 მგვტ და 100 მგვტ სიმძლავრის).

„ჯგუფის 90%-იანმა შვილობილმა კომპანია ENKA Renewables-მა შეწყვიტა საქართველოს მთავრობასთან, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან”, ელექტროსისტემის კომერციულ ოპერატორთან და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან” 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულების შეწყვეტა გამოიწვია საქართველოს მთავრობის მხრიდან პირობების დარღვევამ და ფორსმაჟორულმა მოვლენებმა.
ამასთან, ფინანსურ ანგარიშში მითითებულია, რომ კომპანიამ „ნამახვანის” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიცია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა 40,4 მლნ დოლარის ოდენობით ჩამოწერა. საწარმოო დანადგარებისა და აღჭურვილობის ჩამოწერა აიხსნება იმით, რომ მათი გამოყენება ვეღარ მოხერხდება.
ENKA „ნამახვანჰესის“ მშენებლობაში ჯამში 800 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.
პროექტით „ნამახვანჰესი“ ორი ჰესის კასკადისგან უნდა შემდგარიყო: ერთის ფართობი 1 კვ.კმ, მეორის – 5,1 კვ.კმ უნდა ყოფილიყო. კასკადის მეშვეობით დარეგულირდებოდა წყლის დონე, რათა ხეობაში თავიდან აცილებულიყო წყალდიდობა.
ჰესის მშენებლობამ რიონის ხეობაში პროტესტი გამოიწვია. 2021 წელს საპროტესტო აქციების ტალღამ საქართველოს ქალაქები მოიცვა და თბილისამდე მოაღწია. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა. მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ პროტესტის მასშტაბები დროდადრო ცხრებოდა, თუმცა რამდენიმე აქტივისტი ამ დრომდე რჩება მდინარე რიონის ხეობაში გაშლილ კარვებში.