ხუთი მიზეზი, რატომ უნდა გეძინოთ შიშველს: ეფექტი და უკუეფექტი

Sputnik
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ტანსაცმლის გარეშე ძილი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ხელს უწყობს წონაში კლებას და, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, სითბოს შენარჩუნებას, ირწმუნებიან ჩინელი მეცნიერები.
ლაბორატორია Curiosity Lab-მა (მდებარეობს ჩინეთში) ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის მონაწილეებსაც შიშვლებს უნდა სძინებოდათ საძილე ტომრებში. მკვლევარები ექსპერიმენტის პროცესში სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით ყოველ 20 წუთში ერთხელ ზომავდნენ ტემპერატურას ტომარაში.
როგორც შედეგებმა აჩვენა, ტომარაში, რომელშიც მამაკაცს ეძინა, ტემპერატურა თანდათან იმატებდა და 31,9 გრადუსიდან მალე 35,6 გრადუსს მიაღწია. ხოლო ტომარაში, რომელშიც ქალს ეძინა, ტემპერატურამ ერთ საათში 34 გრადუსიდან 35,3 გრადუსამდე აიწია.
ამის შემდეგ ჩატარდა კიდევ ერთი ექსპერიმენტი — ამჯერად საცდელ პირებს საძილე ტომრებში ჩაცმულებს უნდა დაეძინათ. შედეგად აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტის დაწყებიდან 40 წუთში ტომრებში ტემპერატურამ ვარდნა დაიწყო.

რატომ ხდება ასე?

პროფესორმა ჰუ გოლიანმა ეს უცნაურობა ასე განმარტა: როდესაც ადამიანს შიშველს სძინავს, საბანი (ან პლედი) მისი სხეულის სითბოს შთანთქავს და თბება, ხოლო სხეულის ტემპერატურა ეცემა. ცოტა ხნის შემდეგ საბანი საკმარის სითბოს იგროვებს და ადამიანის სხეულის ტემპერატურაც თანდათან იმატებს, რითაც საბანი კიდევ უფრო თბება. შედეგად, ადამიანიც თბება.
ხოლო მაშინ, როდესაც ადამიანს ძილისას პიჟამა აცვია, მისი სხეულის სითბოს უმეტესწილად საბანი კი არ შთანთქავს, არამედ ტანსაცმელი. ამიტომაც სითბოს დანაკარგები იზრდება.

შიშველი ძილის სარგებელი

გარდა ზემოაღნიშნულისა, ტანსაცმლის გარეშე ძილს ბევრი სხვა უპირატესობაც აქვს. ესენია:
ძილის ხარისხის გაუმჯობესება — როდესაც ადამიანი იძინებს, სხეულის ტემპერატურა თანდათან ეცემა. ამსტერდამის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ სხეულის ტემპერატურის დაქვეითება აუმჯობესებს ძილის ხარისხს. და თუ ამას ისიც დაემატება, რომ საძინებელში ტემპერატურა 15,6–19,4 გრადუსი იქნება, კიდევ უკეთეს ეფექტს მიიღებთ.
სარგებელი კანისთვის — ადამიანის კანი შეიცავს დიდი რაოდენობით თმის ფოლიკულებს, ცხიმოვან და საოფლე ჯირკვლებს. შიშველი ძილი ხელს უწყობს მათ უფრო ეფექტურად მუშაობას. გარდა ამისა, კანის დაბალი ტემპერატურა აჩქარებს კანის მეტაბოლიზმს, რითაც მის მდგომარეობას აუმჯობესებს.
წონის კლება — ამერიკული კვლევის მიხედვით, გრილ ტემპერატურაზე (19 გრადუსი) ყავისფერი ცხიმის აქტიურობა 10%-ით მეტია, ვიდრე ოთახის ტემპერატურაზე (ვთქვათ, 24 გრადუსზე). ჩვეულებრივი ცხიმოვანი უჯრედებისგან განსხვავებით, რაც მეტი ყავისფერი ცხიმია ორგანიზმში, მით უფრო ეფექტურად მიდის წონის დაკლების პროცესი.
პარტნიორთან ურთიერთობების გაუმჯობესება — მარტოხელა ადამიანებს შეუძლიათ გამოტოვონ ეს აბზაცი. წყვილები კი, რომლებიც ტანსაცმლის გარეშე იძინებენ, უფრო მეტ „სიყვარულის ჰორმონ“ ოქსიტოცინს გამოიმუშავებენ. ეს ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, ინტიმური ურთიერთობისა და ნდობის, ასევე სექსუალური ლტოლვის გაზრდას. ეს პარტნიორებს შორის ურთიერთობას აძლიერებს.
სარგებელი ინტიმური ჯანმრთელობისთვის — საცვლების გარეშე ძილი სასარგებლოა როგორც მამაკაცის, ისე ქალის ჯანმრთელობისთვის.
ქალებს ინტიმურ ზონაში დიდი რაოდენობით საოფლე ჯირკვლები აქვთ, საცვალი კი ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას, რამაც შეიძლება გაზარდოს ანთების რისკი. შიშველი ძილისას კი სხეული „სუნთქავს“, ჯირკვლები ნორმალურად მუშაობს, რითაც ინფექციის განვითარების ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება.
მამაკაცებს, რომლებსაც შიშვლებს სძინავთ, უუმჯობესდებათ სპერმის ხარისხი, რადგან სითბო უარყოფითად მოქმედებს სპერმატოზოიდების ფორმირებასა და განვითარებაზე.
მოკლედ, შიშველი ძილი ჯანმრთელობისთვის მრავალი თვალსაზრისით კარგია. ეს არის ის, რისი გამოცდა ნამდვილად ღირს. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგი ადამიანისთვის ამას უკუჩვენება აქვს.

შიშველი ძილი არ შეიძლება, თუ ადამიანს აწუხებს:

ატოპიური დერმატიტი — ამ დაავადების დროს პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ კანის სიმშრალე, ქავილი, ქრონიკული ეგზემა და სხვა უსიამოვნო სიმპტომები. იმისათვის, რომ დაავადების მიმდინარეობა არ გამწვავდეს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანთან შემხებ გარემოს. შიშველი ძილით შეიძლება გაიზარდოს კანზე მტვრის ტკიპების, ცხოველების კანის ნაწილაკებისა და სხვადასხვა ქსოვილის ზემოქმედება, განსაკუთრებით, თუ ლოგინი საკმარისად სუფთა არ არის. ეს ყველაფერი კანს გააღიზიანებს და დაავადებას გააღრმავებს.
ჰიპერტენზია და გულ-სისხლძარღვთა დაავადება — ასეთი დაავადებების დროს სხეულის ტემპერატურის ძლიერმა მერყეობამ (ვთქვათ, საბნის გადახდის გამო) შეიძლება საშიში ვითარება შექმნას. ამიტომ, ტემპერატურის უეცარი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია საღამურით ძილი.
გარდა ამისა, შიშველი ძილი არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც სომნამბულიზმი აწუხებს, ან მიწისძვრისკენ მიდრეკილ ადგილებში ცხოვრობს.
წყარო: Weixin