ახალი სამყარო უკვე დადგა - მაგრამ არა აშშ-ის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ძველი მსოფლიო წესრიგის ტყვეობაში რჩება. ჯო ბაიდენის ევროპაში გამგზავრებამდე მისმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს რუსეთის გარიცხვა „დიდი ოციანიდან“ – მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკების კლუბიდან.
„რაც შეეხება G20-ის საკითხს, მხოლოდ ერთს ვიტყვი: მიგვაჩნია, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქმეების წარმოება საერთაშორისო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო თანამეგობრობაში“, – განაცხადა სალივანმა და დააზუსტა, რომ ვაშინგტონი ჯერ სწავლობს საკითხს და აშშ-ს სურს მოკავშირეებთან კონსულტაციების გავლა, „ვიდრე კიდევ რაიმე განცხადებებს გააკეთებს“. კლუბში რუსეთის დატოვების საკითხს ხუთშაბათს ბრიუსელში ბაიდენის მონაწილეობით ევროკავშირისა და „დიდი შვიდიანის“ სამიტებზე განიხილავენ.
ფორმალურად „ოციანი“ წარმოიქმნა „დიდი რვიანისგან“, ანუ რუსეთის მონაწილეობით დასავლეთის წამყვანი ქვეყნების გაერთიანებამდე, რომელიც 2014 წლის შემდეგ „შვიდიანის“ ფორმატს დაუბრუნდა. მაგრამ უკვე დიდი ხანია გასცდა მას და გახდა დამოუკიდებელი და მთავარი მსოფლიო კლუბი. „დიდი ოციანის“ შეხვედრები უმაღლეს დონეზე 2008 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა გამოავლინა დასავლეთის მიერ აგებული გლობალური ფინანსური სისტემის ნაკლოვანება და მისი დამღუპველი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე. დასავლეთის დომინირების ეპოქა სწორედ მაშინ დასრულდა. თავად ანგლოსაქსებიც იძულებული იყვნენ, ერთობლივი მოქმედებებისკენ მოეწოდებინათ მსოფლიოს საკვანძო ქვეყნებისთვის მსოფლიო ეკონომიკის გადასარჩენად. „დიდი ოციანი“ აერთიანებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს, და აძლევს მათ არა მხოლოდ საერთო გადაწყვეტილებების გამონახვის, არამედ ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობასაც.
ბოლოს „ოციანი“ 2019 წლის ივნისში შეიკრიბა იაპონიის ოსაკაში. პანდემიის დაწყების შემდეგ სამიტი ვიდეოფორმატის სახით ორჯერ გაიმართა, ფორმალურად. თუმცა მიმდინარე წლის ოქტომბერში „დიდი ოციანი“ კვლავ შეიკრიბება ბალიზე, არა ვირტუალურად, არამედ ფიზიკურად.
„დიდ ოციანს“ ადრე პუტინმაც უმასპინძლა პეტერბურგში. უკვე მაშინ გადალახა რუსეთმა რუბიკონი აშშ-თან ურთიერთობაში. უკვე არსებობდა შეთანხმება პუტინსა და ობამას შორის სირიიდან ქიმიური იარაღის გამოტანაზე, რამაც შეაჩერა სირიაზე აშშ-ის პრაქტიკულად ანონსირებული დარტყმა.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო 2013 წლის ზაფხულში რუსეთში ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემა. მის გადაცემას აშშ-ის ხელისუფლება ითხოვდა. სწორედ მაშინ გადააბიჯეს ზღვარს შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა. და ყველა მომდევნო მოვლენა, მათ შორის მაიდანი უკრაინაში, იყო მხოლოდ ვაშინგტონის რეაქცია 2013 წელს პუტინის „აღმაშფოთებელ“ საქციელზე.
„დიდი ოციანის“ შექმნა, თავისთავად, იქცა ატლანტიკური პროექტის წარუმატებლობის სიმბოლოდ. და ახლა, 2022 წელს დასავლეთის მცდელობა მისით მანიპულირებისა - სასაცილოა. ვინ დაუჭერს მხარს დასავლეთს მცდელობაში, გარიცხოს რუსეთი?
„ოციანი“ ზუსტად ორ ნაწილად იყოფა: დასავლური სამყარო და არადასავლური. დასავლეთს განეკუთვნებიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, კანადა, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა და ევროკავშირი. მეორე ნაწილში შედიან ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, მუსულმანური ქვეყნები (საუდის არაბეთი, თურქეთი, ინდონეზია), ლათინური ამერიკა (მექსიკა, არგენტინა და ბრაზილია) და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
„დიდი ოციანის“ არადასავლური ნაწილიდან არავინ აპირებს შტატების ჭკუაზე სიარულს და რუსეთის იზოლირებას, პირიქით, ისინი ხედავენ, როგორ აზიანებს დასავლეთი თავისი ქმედებებით მსოფლიო ეკონომიკას.
თუმცა არც დასავლურ ბანაკშია ყველაფერი მარტივად. თუ ანგლოსაქსონური ქვეყნები (კანადა და ავსტრალია, რომლებიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მორჩილად მიჰყვებიან) ერთიანობას ინარჩუნებენ, კონტინენტური ევროპა (გერმანია, საფრანგეთი, იტალია) ყველანაირად შეეწინააღმდეგება ანგლოსაქსების მცდელობას, საბოლოოდ ჩამოაფაროს რკინის ფარდა ევროპასა და რუსეთს შორის. იაპონია და სამხრეთ კორეაც არ იწვიან რუსეთისგან იზოლირების სურვილით, რადგან ესმით, რომ მათი დამოკიდებულება აშშ-ზე მუდმივი არ არის.
მაშინ რა მიზანს ემსახურება აშშ-ის მცდელობა, წამოწიოს „დიდი ოციანიდან“ რუსეთის გარიცხვის საკითხი? მათ მართლაც სჯერათ, რომ რუსეთის გარიცხვის შანსი აქვთ. და ეს ამტკიცებს იმას, რომ ვაშინგტონს ცუდად ესმის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ფიქრობს, რომ შეუძლია გავლენა იქონიოს იმაზე, რაზეც სინამდვილეში ვეღარ ახდენს გავლენას.
„დიდი ოციანი“ - მომავალი მრავალპოლარული მსოფლიოს წინარე სახეა. ის უფრო რთულად იქნება მოწყობილი და მეტი ადგილი დაეთმობა რეგიონულ ინტეგრაციულ გაერთიანებებს. ატლანტისტები მასზე გავლენას ვერ მოახდენენ. მათ მხოლოდ გამოგონილ სამყაროში შეუძლიათ რუსეთის გარიცხვა.
თუ ანგლოსაქსები მომავალშიც მოინდომებენ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრებას, ეს მათი პრობლემაა. რუსეთს ეს მხოლოდ ხელს აძლევს. მათთვის კი უფრო მტკივნეული იქნება რეალობასთან შეჯახება - მსოფლიოშიც და შეერთებულ შტატებშიც.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე