თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ვაქცინაციის ახალი გეგმა რიგ ახალ წამახალისებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს.
„მომზადდა ვაქცინაციის ახალი გეგმა, რომელსაც, ვფიქრობ, მთავრობა მალე დაამტკიცებს. იქ მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია. მონეტარული წახალისება გრძელდება", – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ამჟამად 50 წელს ზემოთ პირები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემთხვევაში 200 ლარს, „ბუსტერ-დოზის“ შემთხვევაში კი 100 ლარს იღებენ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.848.368 აცრა, აქედან „ბუსტერ დოზა“ გაკეთებული აქვს 232.540 ადამიანს.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს, რადგანაც, მისი თქმით, სპეციალისტები ვირუსის ახალ აფეთქებებს ელოდებიან.