„ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველურ ქვეყანაში მივდიოდი, ისეთში, როგორებიც ნუხი ან ბაქოა, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა. მე შევცდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელსაც უმთავრესად პარიზელი მკერავები და მოდისტები შეადგენენ, ქართველი მანდილოსნები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდებს შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებოდნენ“.
„სინდისის ქენჯნის გარეშე ვიტყვი, რომ ტფილისის თეატრის დარბაზი ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე დარბაზია, რომელიც კი მინახავს. თანაც შესანიშნავ დარბაზს მშვენიერი ქალები კიდევ უფრო ალამაზებენ“.
უნაკლო ხალხი
„როგორია ასეთი სიტყვების მოსმენა ფრანგისგან, რომელიც, როგორც ეს ყველგან და ყოველთვის ხდება, ყოველივე უცხოურს ლანძღავს და საკუთარ თავს ყველაზე მაღლა აყენებს?! სიმამაცით განთქმულმა ერთმა რუსმა, გვარად შერემეტიევმა, ქართველებზე მითხრა, ისინი ბრძოლაში უნდა ნახოთ, როდესაც თავიანთი წყეული ზურნის ხმას გაიგონებენ, ადამიანები კი არა, ტიტანები ხდებიან, რომელთაც ცის დაპყრობაც კი შეუძლიათო“, — წერდა დიუმა.
როგორ დაათრო დიუმამ ქართველები
„რამდენი ბოთლი დავცალე მუსიკოსებისა და პოეტის ზუზუნის ფონზე, არ ვიცი. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს საპატიო ციფრი იქნებოდა, ვინაიდან სადილის დამთავრების შემდეგ წამოიჭრა ჩემთვის მოწმობის მოცემის საკითხი, რომელიც ჩემს უნარს დაადასტურებდა — არა სულიერს, არამედ ფიზიკურს. წინადადება აიტაცეს. აიღეს ფურცელი, რომელზეც თითოეულმა საკუთარი აზრი დაწერა, მერე კი ხელიც მოაწერეს.
„ბატონმა ალექსანდრე დიუმამ მის პატივსაცემად გამართულ სადილზე უფრო მეტი ღვინო დალია, ვიდრე ქართველებმა. 1858, 29 ნოემბერი, ივანე კერესელიძე, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი“.
შემდეგ კალამი აიღო ნიკოლოზ ჭავჭავაძემ: „მე ვესწრებოდი და გახლავართ მოწმე, რომ ბატონმა დიუმამ უფრო მეტი ღვინო შესვა, ვიდრე ქართველებმა“.
„მთელი ძველი კოლხეთის ქალები საუცხოონი არიან... მეგრელი ქალები, განსაკუთრებით კი შავთვალება ქერათმიანები და ცისფერთვალება შავგვრემნები დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან“.
დაკრძალვა ფოთში
„როდესაც უკანასკნელი დადიანი გარდაიცვალა, მიცვალებულის ყოველი ნათესავი და მეგობარი ეკლესიაში უნდა შესულიყო ისე, რომ ორივე მხრიდან სხვა ხალხს ხელით სჭეროდა, თითქოს დაღლილობისგან მუხლები ეკვეთებოდა. მას თავგანწირვით უნდა ეყვირა, გულზე მუშტები ერტყა, ტანზე პერანგი შემოეხია. ერთი სიტყვით, მთელი სპექტაკლი თამაშდებოდა.
ამ დროს სხვა საინტერესო სცენებიც ხდებოდა. მაგალითად, მიცვალებულის მეზობელი, აფხაზეთის მთავარი მიხეილ შერვაშიძე, როგორც ნათესავი, თავს მოვალედ მიიჩნევდა, ეს მწუხარება გაეზიარებინა, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც. მასაც ორი ადამიანი იჭერდა აქეთ-იქიდან და ისიც ტრადიციულად ყვიროდა, ტიროდა, კვნესოდა. უეცრად ეკლესიის მახლობლად ყვირილი გაისმა... აღმოჩნდა, რომ მთავრის ხალხი მეგრელებისთვის მოპარული ცხენებით მოსულიყვნენ, მათ კი ეცნოთ და უკან დაბრუნებას ითხოვდნენ…ამჯერად ყვირილი სრულიად ბუნებრივი გამოვიდა“.
გორელი ვასილი
დიუმა და ვასილი გემბანზე კი ასულან, მაგრამ ხომალდს ჯარისკაცები მისდგომიან და მწერლის ახალი ნაცნობი უკან ჩაუყვანიათ. თურმე ვასილი, რომელსაც უცხოეთში წასასვლელად პასპორტი არ ჰქონდა, ადგილობრივ მეგობარს დაებეზღებინა, რომელსაც მისი შეშურებოდა.
დიუმამ ვასილს პოლკოვნიკ რომანოვთან წერილი გაატანა, რაც მას პასპორტის მიღებაში უნდა დახმარებოდა, და რეკომენდაციაც გაუწია. თავად კი სამშობლოში დაბრუნდა.
ერთ მშვენიერ დღეს მწერალი მოსამსახურეს დილის ექვს საათზე გაუღვიძებია და შეშინებულს უთქვამს:
— ქვევით ვიღაც კაცი დგას, არცერთ ენაზე არ ლაპარაკობს, „მუსიო დიუმას“ ბუტბუტებს მხოლოდ და მოითხოვს, რომ შემოვუშვათ.
მწერალი წამომხტარა და კიბეზე ჩაურბენია. გუმანით გრძნობდა, ვინც უნდა ყოფილიყო.
არც შემცდარა.