კვარაცხელია და დავითაშვილი ბათუმში - საქართველოს ჩემპიონი მნიშვნელოვნად გაძლიერდება

კვარაცხელიამ და დავითაშვილმა ფიფა/უეფას ახალი წესით ისარგებლეს და რუსული კლუბები დატოვეს. ფეხბურთელების კონტრაქტების დეტალები ბათუმურ კლუბთან ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ზაფხულამდე ბათუმის „დინამოს“ ღირსებას დაიცავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მასმედიაში გავრცელდა.
აღსანიშნავია, 21 წლის კვარაცხელიას ყაზანის „რუბინთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ზურიკო დავითაშვილს (21 წლის) კი ტულის „არსენალთან“ - 2023 წლის 30 ივნისამდე. მაგრამ უკრაინა–რუსეთს შორის არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე ფიფამ და უეფამ რუსეთს სანქციები დააკისრეს, მათ საფუძველზე კი რუსეთში მოთამაშე ნებისმიერ ლეგიონერს ზაფხულამდე კლუბის დატოვება ყველანაირი ჯარიმისა და სანქციის გარეშე შეუძლია.
გარდა ამისა, ბათუმის „დინამომ“ დღეს თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სურათი კითხვით – „Guess who? გამოიცანი ვინ არის“ და მასზე გამოსახულია ხვიჩა კვარაცხელიას კონტური. ეს ცნობილი ფოტოა, სადაც საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი ესპანეთის ნაკრების კარში გატანილ გოლს აღნიშნავს.
ფაქტობრივად ამით საქართველოს ჩემპიონმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ყაზანის „რუბინიდან“ წამოსული ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს, რადგან აღნიშნულ სურათზე მის მაისურზე გუნდის ლოგოა გამოსახული.
დღესვე კლუბ „რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა არ გამორიცხა, რომ ყაზანის გუნდის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას ბათუმის „დინამოში" გააგრძელებს.

„სავსებით შესაძლებელია, რომ ხვიჩამ ბათუმის „დინამოში" ითამაშოს. უეფამ ასეთი შესაძლებლობა მისცა. ახლა ნაკრებშია და ჩვენ არ გვისაუბრია, დაბრუნდება თუ არა. ვუშვებ, რომ ნებისმიერი ლეგიონერი შეიძლება არ დაბრუნდეს. ნებისმიერს შეუძლია 7 აპრილამდე წავიდეს“, – განუცხადა საიმანოვმა ჟურნალისტებს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ბათუმურ კლუბში ე.წ. მშრალი იჯარის წესით გადავლენ. აქედან გამომდინარე, თუ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალ კლუბს არ მოძებნიან, მათ რუსეთის ჩემპიონატში მოუწევთ დაბრუნება.
რაც შეეხება ბათუმის „დინამოში“ ტრანსფერის დეტალებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, არსებობს ვარაუდი, რომ ისინი გია გეგუჩაძის გუნდს ევროტურნირებზეც დაეხმარებიან, სადაც ბათუმური გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
ამ დროისათვის ორივე ფეხბურთელი ქალაქ სარაევოში საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იმყოფება. კვარაცხელია და დავითაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინასა (25 მარტს) და ალბანეთთან (29 მარტს) ამხანაგური მატჩებისთვის ემზადებიან.
ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი რუსეთში 2019 წლიდან თამაშობდნენ. თავდაპირველად ორივე ფეხბურთელი „რუბინში“ გამოდიოდა, თუმცა მომდევნო სეზონში ზურიკო ჯერ იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“, შემდეგ კი სრულფასოვანი კონტრაქტით ტულის „არსენალში“ გადავიდა.
2021/22 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ ღირსება რუსეთის პრემიერლიგის 19 მატჩში დაიცვა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. ზურიკო დავითაშვილი „არსენალის“ მაისურით ჩემპიონატის 20 მატჩში 3 გოლით გამოირჩა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუბინი“ დანიელმა ნახევარმცველმა ანდერს დრეიერმა და მონტენეგროელმა ნახევარმცველმა სეად ჰაკშაბანოვიჩმაც დატოვეს, ხორვატ მცველ ფილიპ ურემოვიჩსაც კონტრაქტი შეუჩერდა.