COVID-19 - ბოლო ცნობები

როდის მიიღებს საქართველო კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის დამატებით პარტიას

პრეპარატი Paxlovid-ი ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას 89%-ით ამცირებს.
Sputnik
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. კომპანია Pfizer-თან მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის შესახებ, რომ წლის განმავლობაში COVID-19-ის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი Paxlovid-ის დამატებით 50 ათასი ადამიანის სამკურნალო დოზა შემოვიდეს ქვეყანაში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
საქართველომ Pfizer-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი Paxlovid-ი გუშინ მიიღო. Paxlovid-ი, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ (FDA) უკვე დაამტკიცა, პირველი პრეპარატია, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ აბების სახით გამოიყენება.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, Paxlovid-ის შემოტანა კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას კიდევ უფრო შეამცირებს.
„ეს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ქვეყანაში კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას. დღეს პირველი დღეა რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც მინიმალური, ანუ სამი გარდაცვალება დაგვიფიქსირდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც მანამდე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, Paxlovid-ი ტაბლეტირებული მედიკამენტია, რომელიც ინფიცირების პირველივე დღეებში, დიაგნოზის დასმისთანავე უნდა დაენიშნოს პაციენტს. იგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 89%-ით ეფექტურია. პაციენტმა სამი ტაბლეტი დღეში ორჯერ უნდა მიიღოს.
კლინიკური ჯგუფის ექსპერტებთან ერთად უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც მედიკამენტია განკუთვნილი.
კერძოდ, პრეპარატის გამოყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც დამძიმების პროგნოზულად მაღალი რისკი აქვს. მაგალითად, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხანდაზმული ადამიანები და ა.შ. ამ შემთხვევაში პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის ადამიანების გარკვეულ კატეგორიას უფასოდ გადაეცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლადშექმნილი პრეპარატი ინარჩუნებს ეფექტურობას კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგაც.