კახა კალაძემ თბილისში წყალმომარაგების ხშირი შეწყვეტის მიზეზი დაასახელა

კომუნალური ინფრასტრუქტურის განახლება მერიის მთავარი პრიორიტეტია და ის ყველაფერს აკეთებს პრობლემის გადასაჭრელად, განაცხადა კალაძემ.
Sputnik
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის წყალმომარაგების პრობლემების მთავარ მიზეზად დაასახელა მოძველებული ქსელი, რომელსაც წყალგამანაწილებელი კომპანია Georgia Water & Power (GWP) აკონტროლებს.
ბოლო დროს წყლის ავარიული გათიშვა სულ უფრო ხშირად აწუხებს თბილისელებს, რომლებიც აღშფოთებას გამოხატავენ და ქალაქის მერიას უჩივიან.
„GWP-ს ქსელი არის მოძველებული და ქალაქის ბევრ უბანში პრობლემას წარმოადგენს. თუ დააკვირდებით, შემთხვევითი არ არის ის, რომ სადაც დედაქალაქის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებით შედის, ყველგან იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, იმიტომ რომ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
მისი განცხადებით, კომუნიკაციების განახლება არის მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტი და ის ყველაფერს აკეთებს პრობლემის გადასაჭრელად.
ამ ეტაპზე წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემა იცვლება ქეთევან წამებულის ქუჩაზე, მოგვიანებით კომუნიკაციების გამოცვლა მელიქიშვილის გამზირზე იგეგმება.