ზემო ლარსი დღეს: გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აღდგა

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა.
Sputnik
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. რუსეთ–საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება აღდგენილია, მაგრამ ლიპყინულის გამო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა გუშინ ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო აიკრძალა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.