COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის სამკურნალო აბები უკვე საქართველოშია

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი Paxlovid-ი აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ (FDA) დაამტკიცა.
Sputnik
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. Pfizer-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი Paxlovid-ი უკვე საქართველოშია, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი Paxlovid-ი აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ (FDA) უკვე დაამტკიცა და ის პირველი პრეპარატია, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ აბების სახით გამოიყენება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის ადამიანების გარკვეულ კატეგორიას უფასოდ გადაეცემა.

„მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს. ინფიცირების დადასტურებისთანავე Paxlovid-ის გამოყენების შემთხვევაში დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან. Paxlovid-ით მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი 5 დღეს მოიცავს“, – აცხადებენ უწყებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კლინიკური ჯგუფის ექსპერტებთან ერთად, უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც მედიკამენტია განკუთვნილი.
უწყების ინფორმაციით, პრეპარატის გამოყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც დამძიმების პროგნოზულად მაღალი რისკი აქვს. მაგალითად, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხანდაზმული ადამიანები და ა.შ. ამ შემთხვევაში პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება.
კომპანია Pfizer-ის კლინიკური კვლევების შედეგებით, პერორალური პრეპარატი Paxlovid-ი მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 89%-ით ეფექტურია.
კომპანია Pfizer-ში განაცხადეს, რომ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების თანახმად, პრეპარატი ინარჩუნებს ეფექტურობას კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგაც.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 1.643.295-ს მიაღწია. გარდაიცვალა 16 ათასზე მეტი ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.