მსოფლიო დღეს

იაპონიამ რუსეთს პროტესტი გაუგზავნა

Sputnik
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. იაპონიამ პროტესტი გაუგზავნა რუსეთს მას შემდეგ, რაც მოსკოვი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ დიალოგიდან გავიდა, განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაძუ მაცუნომ.

„რუსეთის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს მოლაპარაკებები ცალმხრივად, არის ძალიან სამწუხარო და სრულიად მიუღებელი“, — განაცხადა მაცუნომ პრესკონფერენციაზე.

მანამდე, ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი, ტოკიოს არამეგობრული ნაბიჯების საპასუხოდ, უარს ამბობს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებაზე, წყვეტს უვიზო მიმოსვლას იაპონიის მოქალაქეებისთვის სამხრეთ კურილის კუნძულებზე და გადის იაპონიასთან დიალოგიდან სამხრეთ კურილებზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ.
როგორც რუსული მხარე განმარტავს, „არამეგობრულ ნაბიჯებში“ მოიაზრება ის ფაქტი, რომ იაპონიის ხელისუფლება დასავლეთის ანტირუსულ სანქციებს შეუერთდა. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ინდოეთ–წყნარი ოკეანის რეგიონში მოგზაურობის დროს ცდილობდა დაერწმუნებინა პარტნიორები, გაეერთიანებინათ ძალები რუსეთის ფედერაციის შესაკავებლად, რომელიც მან „მსოფლიო წესრიგის საფუძვლების მორყევაში“ დაადანაშაულა.